რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაღესტანში ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო მობილიზაციას აპროტესტებს

დაღესტნის სოფელ ენდირეიში ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს. მომიტინგეებმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს, რასაც პოლიციის მიერ ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 

დაღესტნური მედიის ცნობით, სოფელ ენდირეიშიდან სამხედრო მობილიზაციისთვის 110 ადამიანი გამოიძახეს. 

პოლიციის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ინფორმაცია დაშავებულებსა და დაკავებულებზე არ ვრცელდება. 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები