რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO: ვგმობთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარების გეგმას

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიხედვით, NATO გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარების გეგმას. ყალბ რეფერენდუმებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში არ აქვთ ლეგიტიმაცია და წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას  NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ მათ არალეგალურ და უკანონო ანექსიას". – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, რუსეთის მუქარების მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობა ომზე რუსეთს ეკისრება და მის ხელშია კონფლიქტის დასრულებაც.

"ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის უარყოფას. რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ომზე, უზარმაზარ ტანჯვაზე, რაც მისმა აგრესიამ მოუტანა უკრაინელ ხალხს და ასევე ამ ომის ფასზე, მათ შორის, რუსი ხალხისთვის, ვისი მობილიზებაც ახლა ხდება. რუსეთის ხელშია ამ კონფლიქტის დასრულება". – წერია განცხადებაში.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

ასევე, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართებოდა. ამ ინფორმაციის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ამავე ვადაში იგეგმება ე.წ. რეფერენდუმის ხერსონში ჩატარებაც.

კომენტარები