რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმს ხერსონშიც 23-27 სექტემბერს გეგმავენ

რუსი ოკუპანტი ხერსონთან

ოკუპირებულ ხერსონში ოკუპანტები რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატერებას 23-27 სექტემბერს გეგმავენ, ისე, როგორც ე.წ. ლსრ-სა და დსრ-ში. 

ამის შესახებ ოკუპირებულ ხერსონში რუსების მიერ დანიშნული მარიონეტული ორგანოს, ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. 

ამას გარდა, როგორც რუსულ მედიაში წერენ, შესაძლოა, მომდევნო დღეებში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ზაპოროჟიეშიც ჩატარდეს. 

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ამზადებნენ. აქამდე, გასულ დღეს რეფერენდუმის დაუყოვნებელი ჩატარება მოითხოვეს მარიონეტული ლსრ-სა და დსრ-ს ე.წ. საზოგადოებრივმა პალატებმა. 

20 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მარიონეტული პრორუსული ხელმძღვანელობისგან ოკუპირებული ხერსონის ე.წ. საზოგადოებრივმა საბჭომაც მოითხოვა.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 19 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალების მარიონეტების მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსიაზე აქტიური საუბარი მიუთითებს, რომ "უკრაინის ჩრდილოეთში მიმდინარე კონტრიერიში მარიონეტულ ძალებსა და კრემლის გადაწყვეტილებების ზოგიერთ მიმღებს პანიკაში აგდებს".

ამას გარდა, 20 სექტემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მხარი დაუჭირა დონბასში რეფერენდუმების ჩატარების იდეას და ამას აუცილებელიც უწოდა. მედვედევის აზრით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებითა და ამ მიწების რუსეთისთვის შეერთებით, მოხდება "მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია".

უკრაინის კონტრიერიშამდე როგორ ამზადებდა რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები