დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი სომხეთთან საზღვარზე სროლებზე იტყობინება

აზერბაიჯანელი სამხედროები სოფელ თალიშთან, აზერბაიჯანი, 2020 წლის 22 ოქტომბერი.
Alexey Kudenko/Sputnik

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან სროლებზე იტყობინება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მტკიცებით, 22 სექტემბერს, 02:00-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის მიმართულებით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, ცეცხლი გახსნეს მაღალკალიბრიანი ირაღით, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმმტყორცნებით. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის დივერსიული ჯგუფი ნახსენები მიმართულების დანაღმვით აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმას ცდილობდა. 

აზერბაიჯანის მხარის თქმით, მათ მოწინააღმდეგეს უკან დახევა აიძულეს.

აქამდე, 20 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. ამას მოჰყვა 21 სექტემბრის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც 20:00-ზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მაღალკალიბრიანი იარაღით ცეცხლი გახსნეს. 

დღევანდელ განცხადებაში აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გასული დღის ცნობას დეზინფორმაცია უწოდა. მათი მტკიცებით, ეს მომდევნო პროვოკაციებისთვის სჭირდებოდათ.


 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. 14 სექტემბრის 20:00-დან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს. 

კომენტარები