საქართველოს პროკურატურა

"მოტყუებით დაეუფლა $250 000-ს" – რუსეთის მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე, დაჯარიმდა 200 000 ლარით. 

პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი - მათ უვადოდ ჩამოერთვათ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა დაარეგისტრირა ვებ-გვერდი, რომლითაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.

"აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაეუფლა, დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების მრავალჯერადი ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. 

სასამართლო განაჩენით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდა მისი საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება, არ შეასრულა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და თავი აარიდა 380 000 ლარის ოდენობით გადასახადს". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა: თბილისში, ჟვანიას ქუჩა №88-ში მდებარე №53 საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი - ჯამში 48.56 კვ.მ., ასევე, 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები - SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 77 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.   

კომენტარები