რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს

Reuters

დაკავებები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე დაიწყო.

აქციაზე ბევრი ქალია. ისინი სკანდირებენ - "სიცოცხლე ჩვენს შვილებს!" და "არა ომს!".

შეკრებილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა თვითმხილველების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეომასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე. 

პეტერბურგში მობილიზაციის მოწინააღმდეგეები წმინდა ისაკის ტაძარში შეიკრიბნენ. ამის შემდეგ ისინი პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები დაკავების დროს აქციის მონაწილეებს რეზინის ხელკეტებით სცემეს.

მოსკოვის დროით საღამოს რვა საათისთვის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 246 ადამიანი დააკავეს. მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთის 24 ქალაქში იმართება აქციები, მსვლელობები და პიკეტები. ამ დროისთვის დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.

მოსკოვის პროკურატურა აქციებში მონაწილეობისთვის, ორგანიზებისთვის ან მოწოდებისთვის ქალაქის მოსახლეობას ადმინისტრაციული სასჯელითა და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა.

პარალელურად, პეტერბურგში, რაიონულმა ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტებს დაავალა, ეპოვა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების მხარდამჭერ აქციაში. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

კომენტარები