კორონავირუსის პანდემია აშშ-ში

ბაიდენი: კორონავირუსის პანდემია დასრულდა

Evan Vucci/AP

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, კორონავირუსის პანდემია დასრულებულია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა. სააგენტო Reuters-წერს, რომ ბაიდენმა ეს იმ ფონზე თქვა, როდესაც ქვეყანა კვლავ აგრძელებს კორონავირუსული ინფექციების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ამერიკელის სიცოცხლე ეწირება.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა და ბევრს ვმუშაობთ მასზე, თუმცა, პანდემია დასრულებულია. თუ დააკვირდებით, პირბადე არავის უკეთია. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ყოველდღიურად დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 97 509 436 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ქვეყანაში, ამ დრომდე სულ 1 078 663 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები