რუსული ოკუპაცია

ჩერგოლეიშვილი: გუშინ რეჟიმის მსახურმა კობახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უარყო

თამარ ჩერგოლეიშვილი

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი ორის ეთერში გაკეთებული განცხადებებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უარყო.

"ყველა ვხედავთ, რა შეუძლია უკრაინელი ხალხის თავგანწირვას. მაშინ, როდესაც ყველა ვარაუდობდა, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა, დღეს უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს და რუსები გარბიან.

ამ დროს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელმაც გუშინ თავისი მსახურის პირით რეალურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სუვერენულ უკრაინას შეადარა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უარყო" - ამბობს ჩერგოლეიშვილი 27 სექტემბრის აქციაზე საუბრისას.

14 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ "როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს". მისი შეფასებით, ცხინვალსა და აფხაზეთში საქართველო ომში შედის არამხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან.

"ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ... ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. 

როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები" - თქვა კობახიძემ.


ტაბულას, ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და უკრაინელი აქტივისტების ორგანიზატორობით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.

კომენტარები