ინფლაცია

ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივადაა გადახრილი – სებ

retaildetail.eu

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის განცხადებით, "თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო".

სებ-ის განმარტებით, "ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია, როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში". ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ "რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა".

"ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს.  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9.0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 1.9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს" - აცხადებს სებ-ი.

ეროვნული ბანკის შეფასებით, "ინფლაციის კლების ნიშნები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს" იძლევა.

"მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა და წინა წელთან შედარებით გამყარებული ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება. თუმცა მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება" - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

კომენტარები