მართვის მოწმობა

კატარი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კატარის შსს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს.

გადაწყვეტილება გულისხმობს კატარის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას.

რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას კატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ – პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს კატარში ჩასვლიდან 3 თვის განმავლობაში.

უწყების განცხადებით, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართონ კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს.

კომენტარები