მართვის მოწმობა

2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE (ქვე)კატეგორიის მართვის მოწმობებს დღეიდან ძალა ეკარგება

მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმ პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს.

მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ 
ფილიალში უნდა წარადგინოს:

  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა.


მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარი, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარია.

"დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს "ფეისბუქ"-გვერდზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა განისაზღვრა 5 წლით.

კომენტარები