მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის გამოცდები, განბაჟება, რეგისტრაცია - რა სერვისები აღდგება 1-ელი თებერვლიდან

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება და მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისების მიღება 1-ელი თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. მოქალაქეები შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

1-ელ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე).

ასევე, დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.

ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტო შემდეგ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას: 

​მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.​ მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

კომენტარები