კორეის ნახევარკუნძული

სამხრეთ კორეა: ბირთვული იარაღის გამოყენება ფხენიანს თვითგანადგურების გზაზე დააყენებს

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ ბირთვული არსენალის გამოყენება ქვეყანას "თვით-განადგურების გზაზე" დააყენებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოყვა ჩრდილოეთ კორეის მიერ დამტკიცებულ ახალ კანონმდებლობას, რომელიც მას პრევენციული დარტყმისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა მხოლოდ გააღრმავებს ჩრდილოეთ კორეის იზოლაციას და უბიძგებს სამხრეთ კორეასა და აშშ-ს, კიდევ უფრო გააძლიერონ შეკავებითი და თავდასხმაზე საპასუხო შესაძლებლობები.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად სამხრეთ კორეა გააძლიერებს საკუთარ პრევენციული დარტყმის გეგმას, თავდაცვით სარაკეტო სისტემასა და საპასუხო დარტყმის შესაძლებლობებს.

"ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შეეცდება ბირთვული იარაღის გამოყენებას, მას მოუწევს სამხრეთ კორეა-აშშ-ს სამხედრო ალიანსის აურაცხელ საპასუხო ქმედებებთან გამკლავება, რაც მას მხოლოდ თვითგანადგურების გზამდე მიიყვანს". – თქვა სამინისტროს სპიკერმა, მუნ ჰონგ შიგმა.

9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის უმაღლესმა სახალხო კრებამ ბირთვული იარაღის შესახებ კანონი მიიღო. კანონი მას უფლებას აძლევს პრევენციული სახით გამოიყენოს ის საგარეო თავდასხმისგან თავის დასაცავად.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი ამიერიდან "შეუქცევადია". 

28 ივლისს კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს "ბირთვული საფრთხის" გამო ჩრდილოეთ კორეას მოეთხოვებოდა მიეღწია "სასწრაფო ისტორიული დავალებისთვის" გაეძლიერებინა საკუთარი თავდაცვა.

ამას გარდა, კიმ ჩენ ინი გამოეხმაურა შესაძლებლობას, რომ სამხრეთ კორეა აახლებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეზე პრევენციული იერიშის გეგმას. კიმის თქმით, თუ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მთავრობა პრევენციულ იერიშებს მიიტანს, ისინი "განადგურდებიან". 

კომენტარები