რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: უკრაინამ კონტრშეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს.

"ის, რაც მათ გააკეთეს, არის სტრატეგიულად დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოებისგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს შესაფერისი აღჭურვილობა კონტრშეტევისთვის". -  თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა დამატებით აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტი, სავარაუდოდ, ჯერ არ დასრულდება, რადგან რუსეთს ჰყავს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა და აქვს იარაღი, რომელსაც კვლავ იყენებს "განურჩევლად მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ".

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე - კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. გუშინ, 12 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ოკუპირებული ხარკოვის ოლქიდან საკუთარი ქვედანაყოფების გაყვანის ბრძანება გასცა.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

კომენტარები