არჩევნები რუსეთში

რუსეთში გამართულ არჩევნებზე ერთიანი რუსეთის წარმომადგენლები ლიდერობენ

არჩევნები რუსეთში

11 სექტემბერს რუსეთში სხვადასხვა დონის არჩევნები დასრულდა. ეს იყო უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი არჩევნები რუსეთის ტერიტორიაზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ცენტრიზბირკომის წინასწარი მონაცემებით, გუბერნატორებისა და რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ერთიანი რუსეთის წარმომადგენლები ლიდერობენ. გუბერნატორები14 რეგიონში აირჩიეს.

რუსეთის ექვს რეგიონში გაიმართა საკანონმდებლო კრების არჩევნები. ბოლო მონაცემებით, ყველა მათგანში ერთიანი რუსეთის კანდიდატები ლიდერობდნენ.

ამასთან ერთად, ოპოზიციამ არჩევნების წინ აღნიშნა, რომ კანდიდატები, რომლებმაც უკრაინაში ომის საპირისპირო პოზიცია დაიკავეს, კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

7 სექტემბერს რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოსახლეობას 11 სექტემბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"წადით და მიეცით ხმა ჭკვიანურად. 11 სექტემბერს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ.

[...] პუტინი და ერთიანი რუსეთი არის ომი, ტყუილი, კორუფცია და სიღარიბე. კენჭისყრაში მონაწილეობით თქვენ ომის, სიცრუის, კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ აძლევთ ხმას". - წერს ნავალნი.

რუსეთის 82 რეგიონში 4 600-ზე მეტი სხვადასხვა დონის არჩევნები გაიმართება, მათ შორის, რეგიონების უმაღლესი თანამდებობის პირების, საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატებისა და მუნიციპალური პოლიტიკოსების.

ყველაზე მნიშვნელოვანი 11 სექტემბერს ჩასატარებელი მოსკოვის მუნიციპალური არჩევნებია, სადაც რუსეთის დედაქალაქის სხვადასხვა ოლქში 1 502 მუნიციპალურ დეპუტატს აირჩევენ.

კომენტარები