რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Meduza: კრემლმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები განუსაზღვრელი ვადით გადადო

რუსი ოკუპანტი ხერსონში, ფონზე ე.წ. გამარჯვების დროშა
(Konstantin Mihalchevskiy/Sputnik)

რუსული ოპოზიციური მედიის, Meduza-ს ინფორმაციით, კრემლმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები განუსაზღვრელი ვადით გადადო. Meduza ინფორმაციას კრემლთან დაახლოებულ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Meduza-სთან წყაროებმა თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი ხარკოვის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრიერიშია. წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ კრემლთან კავშირში მყოფი პოლიტიკური ტექნოლოგები, რომლებიც ხარკოვსა და ზაპოროჟიეში მუშაობდნენ, უკვე რუსეთში გაიწვიეს. თუმცა, ხერსონში ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკური ტექნოლოგები, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმს ამზადებდნენ.

აქამდე, სექტემბრის დასაწყისში რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს მდივანი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცესპიკერი, ანდრეი ტურჩაკი ამბობდა, რომ "სწორი და სიმბოლური" იქნებოდა, რეფერებდუმები 4 ნოემბერს, რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღეს დაენიშნათ. ამ იდეას მხარი დაუჭირეს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ დასმულმა ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციებმა. 

4 ნოემბერი გახდა პირველი კონკრეტული თარიღი, რომელიც ე.წ. რეფერენდუმების თარიღად რუსმა მაღალჩინოსნებმა დაასახელეს. Meduza-ს ინფორმაციით, კრემლში ჯერ კიდევ ომის დასაწყისის დროს სწამდათ, რომ ახალი ტერიტორიების ანექსიას აპრილში შეძლებდნენ. შემდეგ, ფრონტზე წარუმატებლობის გამო, პერიოდი მაისამდე გადაიწია, მაისიდან კი 11 სექტემბრამდე, როცა რუსეთში რეგიონალური არჩევნები ტარდება.

რეფერენდუმის ჩატარება კონტრიერიშის გამო ვერც სექტემბერში გახდა შესაძლებელი. როგორც Meduza-ს წყაროები ამბობენ, ვლადიმირ პუტინის ზეწოლის ქვეშ, რომელიც "ვერ ითმენს როდის შეიერთებს" ტეროტორიებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "საბოლოო" თარიღად 4 ნოემბერი დაადგინეს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ოკუპანტების ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები უკვე მომდევნო კვირაში აპირებდნენ ნოემბრის რეფერენდუმზე მუშაობის დაწყების ოფიციალურ გამოცხადებას. ახლა ეს გეგმები "შეჩერებულია", "ნოემბერზე საუბარიც აღარაა", როგორც Meduza-ს წყარო ამბობს.

კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა Meduza-სთან ასევე ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არ იციან, როდის შეძლებენ რეფერენდუმის კონკრეტული თარიღის განხილვისთვის დაბრუნებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება უკრაინის კონტრიერიში.

რუსეთი ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის ოკუპირებულ ნაწილებში აპირებდა.

კომენტარები