იტალია

გამოკითხვებით, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მემარჯვენეები მოიპოვებენ

REUTERS/Yara Nardi/File Photo

საბოლოო გამოკითხვებით, იტალიის მემარჯვენე ბლოკი ამ თვის ბოლოს დაგეგმილ პარლამენტის ორივე პალატის არჩევნებში მკაფიო უპირატესობას მოიპოვებს.

ულტრამემარჯვენე იტალიის ძმები კონსერვატიულ ალიანსში დომინირებენ. უკანასკნელი გამოკითხვებით, კონსერვატიული ალიანსი ქვედა პალატაში 400 ადგილიდან 258-ს მოიპოვებს, სენატში კი 200-დან 131-ს.

რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ იტალიის ძმებს შანსი ექნებოდათ მთავრობისთვის ეხელმძღვანელათ. პარტია სათავეს იღებს პოსტ-ფაშისტური იტალიური სოციალური მოძრაობისგან. მეტიც, ინარჩუნებს მათ ლოგოს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2018 წელს მათ ხმების მხოლოდ 4 პროცენტის მოპოვება შეძლეს.

მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ჯორჯია მელონის, მატეო სალვინისა და სილვიო ბერლუსკონის ალიანსი ორივე პალატაში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს.

მელონის პარტია უსწრებს ლიგასა და Forza Italia-ს ერთად, რაც მას საშუალებას აძლევს იტალიაში პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდეს.

ჯორჯია მელონი გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას, თუმცა მისი მკაცრი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ შედარებით ახალია. ჯერ კიდევ 2018 წელს, მან რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება, როგორც "რუსი ხალხის ცალსახა ნების" გამარჯვებად შეაფასა. 

ამავდროულად გაზრდილია მემარცხენე 5 ვარსკვლავის მოძრაობის შედეგი, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე ხელმძღვანელობს და ბოლო სამი გამოკითხვით პარტია უსწერებს ლიგას და მესამე ყველაზე პოპულარულ მოძრაობად რჩება. ბოლო წლებში ანალიტიკოსები, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას განადგურებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კონტემ პარტიას კიდევ უფრო მემარცხენე იდენტობა მისცა, რამაც შესაძლოა შედეგები გააუმჯობესა. 

კატანეოს ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 5 ვარსკვლავი მიიღებს ქვედა პალატის მხოლოდ 28 ადგილს, სენატში კი 15-ს დაიკავებს. 

კვლევის თანახმად, მემარცხენე ცენტრისტი, ენრიკო ლეტა, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს, ქვედა პალატაში 88 დეპუტატს გაიყვანს, სენატში - 44-ს. ხოლო დარჩენილ ადგილებს მცირე პარტიები გაიყოფენ.

იტალიის საარჩევნო კანონი უპირატესობას ანიჭებს იმ პარტიებს, რომლებიც ფართო ალიანსებს ქმნიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მემარჯვენე ბლოკი მემარცხენე ცენტრისტებთან შედარებით, უფრო მტკიცედ არის გაერთიანებული, ამ საარჩევნო უპირატესობას მემარჯვენეები გამოიყენებენ. 

კომენტარები