ისრაელი

მოსადის მეთაური: ისრაელი გვერდზე არ გადგება, როცა ირანი მსოფლიოს ატყუებს

დავით ბარნეა

ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს, მოსადის ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ისრაელი გვერდზე არ გადგება, მაშინ, როცა ირანი მსოფლიოს მოტყუებას განაგრძობს. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაფიდის ოფისის ცნობით, ბარნეა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მეთაურს, უილიამ ბარნს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ ურეის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, აშშ-ს  გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. 

ლაფიდის ადმინისტრაციის ცნობით, ბარნეამ აშშ-ში გამართული შეხვედრის ფარგლებში კოლეგებს "სენსიტიური სადაზვერვო მასალები" აჩვენა და ხაზი გაუსვა, რომ "ისრაელი გვერდზე უსაქმოდ არ გადგება, მაშინ, როცა ირანი მსოფლიოს მოტყუებას განაგრძობს".

ისრაელის მხარის განცხადების მიხედვით, "მოსადის დირექტორმა კოლეგებისგან გაიგო, რომ აშშ რჩება ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთგული".

"ამერიკელებმა ხაზი გაუსვეს, რომ ირანს არ მისცემენ ნებას დაეუფლონ ბირთვულ იარაღს და ისინი განაგრძობენ ისრაელის სახელმწიფოსთან სრულ კოოპერაციას ისრაელის უსაფრთხოების წუხილებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით". – ნათქვამია იაირ ლაფიდის ოფისის განცხადებაში. 

მას შემდეგ, რაც ირანი და დასავლეთი, თითქოს, მიუახლოვდნენ ბირთვული შეთანხმების განახლებას, ისრაელმა აშშ-სთან და ევროპელ კოლეგებთან ბოლო კვირებში შეხვედრები და ურთიერთობა გაახშირა. ამას გარდა, ბოლო კვირებში, ირანის გაზრდილი მოთხოვნების გამო, ბირთვული შეთანხმების მიღწევა კვლავ გაჭიანურდა. ირანის გადაჭარბებულ მოთხოვნებზე აშშ-სა და ევროკავშირში უარი თქვეს. 


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

14 ივლისს, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

ასევე, აშშ დებს პირობას, რომ რეგიონში ირანის პირდაპირი თუ ირიბი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ წავა.

კომენტარები