ევროკავშირი-რუსეთი

ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

Sem van der Wal/ANP/AFP/Getty Images/File

ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 9 სექტემბერს მიიღო, ხოლო ძალაში 12 სექტემბრიდან შევა.

ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტ რაკუშანის თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი პრივილეგიაა მოქალაქეებისთვის საიმედო პარტნიორ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს საერთო ფასეულობები აქვს, რუსეთმა კი, უკრაინაში არაპროვოცირებული, აგრესიული ომით და სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმით დაარღვია ეს ნდობა და ხელყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითად ფასეულობებს.

7 სექტმბერს ევროკომისიამ რუსეთთან ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეწყვეტის ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივის მიხედვით, შეზღუდვები არ ეხება გადაუდებელი მიზეზებით მოგზაურობას, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების, ჟურნალისტების, პოლიტიკურად დევნილებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შენგენის ზონაში გადაადგილებას.

რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიან ტურისტულ ვიზებზე განაცხადის გაკეთება აღარ შეეძლებათ. 

აღნიშნული ინიციატივა რუსი ტურისტებისთვის შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

  • გადასახადი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება ყველა აპლიკანტისთვის.
  • კონსულის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო 10-დან 15 დღემდე გაიზრდება. ამასთან ერთად, როდესაც აპლიკაციის მეტი სიფრთხილით განხილვა იქნება საჭირო, შესაძლოა, ეს პერიოდი მაქსიმუმ 45 დღემდე გაიზარდოს.
  • აპლიკანტებს აღარ ექნებათ მარტივი წვდომა იმ ვიზაზე, რომელიც მათ შენგენის ზონაში რამდენჯერმე შესვლის უფლებას აძლევს.
  • აპლიკანტებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას მოუწევთ სხვადასხვა სახის დოკუმენტის წარდგენა. ისინი ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული ვიზის შეთანხმებით გათვალისწინებული შემცირებული დოკუმენტების პრივილეგიით.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა მოითხოვა ერთობლივი მოქმედება, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად რუს მოქალაქეებს ევროპაში ტურისტული ვიზით მოგზაურობა შეეჩერებინათ. 

ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და პოლონეთმა, შეწყვიტეს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. მას შემდეგ ისინი მოითხოვდნენ ბრიუსელიდან სრული აკრძალვის ამოქმედებას. 

"მიუღებელია, რომ რუსმა ტურისტებმა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ნავსადგურებზე ისეირნონ. უნდა გავუგზავნოთ სიგნალი რუს მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის კარგი და ის მიუღებელია", - აღნიშნა FT-თან მოლაპარაკებებში მონაწილე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. 

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაიზრდება ლოდინის დრო.

თუმცა, არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. ასევე განიხილება, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები