ევროკავშირი-რუსეთი

ევროკომისიამ რუსეთთან EU-ს გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის ინიციატივა წარადგინა

Sem van der Wal/ANP/AFP/Getty Images/File

ევროკომისიამ რუსეთთან ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეწყვეტის ინიციატივა წარადგინა.

განცხადების მიხედვით, ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ომი დაიწყო, გამარტივებული ვიზის პირობებით არ უნდა სარგებლობდეს.

ევროპული საბჭოს მხრიდან ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ.

ინიციატივის მიხედვით, შეზღუდვები არ ეხება გადაუდებელი მიზეზებით მოგზაურობას, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების, ჟურნალისტების, პოლიტიკურად დევნილებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შენგენის ზონაში გადაადგილებას.

რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიან ტურისტულ ვიზებზე განაცხადის გაკეთება აღარ შეეძლებათ. 

აღნიშნული ინიციატივა რუსი ტურისტებისთვის შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

  • გადასახადი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება ყველა აპლიკანტისთვის.
  • კონსულის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო 10-დან 15 დღემდე გაიზრდება. ამასთან ერთად, როდესაც აპლიკაციის მეტი სიფრთხილით განხილვა იქნება საჭირო, შესაძლოა, ეს პერიოდი მაქსიმუმ 45 დღემდე გაიზარდოს.
  • აპლიკანტებს აღარ ექნებათ მარტივი წვდომა იმ ვიზაზე, რომელიც მათ შენგენის ზონაში რამდენჯერმე შესვლის უფლებას აძლევს.
  • აპლიკანტებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას მოუწევთ სხვადასხვა სახის დოკუმენტის წარდგენა. ისინი ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული ვიზის შეთანხმებით გათვალისწინებული შემცირებული დოკუმენტების პრივილეგიით.

გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს. თუ საბჭო შეთანხმებას გააუქმებს, ის ძალაში გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დღეს შევა. რუსეთი კი შეთანხმების შეჩერებაზე ინფორმაციას მის ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 48 საათში გაიგებს.


ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა მოითხოვა ერთობლივი მოქმედება, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად რუს მოქალაქეებს ევროპაში ტურისტული ვიზით მოგზაურობა შეეჩერებინათ. 

ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და პოლონეთმა, შეწყვიტეს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. მას შემდეგ ისინი მოითხოვდნენ ბრიუსელიდან სრული აკრძალვის ამოქმედებას. 

"მიუღებელია, რომ რუსმა ტურისტებმა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ნავსადგურებზე ისეირნონ. უნდა გავუგზავნოთ სიგნალი რუს მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის კარგი და ის მიუღებელია", - აღნიშნა FT-თან მოლაპარაკებებში მონაწილე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. 

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაიზრდება ლოდინის დრო.

თუმცა, არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. ასევე განიხილება, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები