საქართველო-რუსეთი

ФСБ-ს ყოფილმა ჯაშუშებმა აღიარეს, რომ საქართველოში სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ

CNN-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორმა ყოფილმა ჯაშუშმა აღიარა, რომ ისინი სპეციალური დავალებით შესასრულებლათ გარკვეული დროით საქართველოშიც იმყოფებოდნენ.

მიხაილ სოკოლოვის თქმით, მან 2016 წელს, 19 წლის ასაკში დაიწყო პოლიტიკური აქტივობა. ის რუსეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა და რუსეთის ადგილობრივ მმართველობებში კორუფციულ საქმიანობებს იკვლევდა, რის შედეგადაც ФСБ-მ მის წინააღმდეგ წამოიწყო გამოძიება და მას სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის უკანონოდ არიდებაში დასდო ბრალი. სოკოლოვის თქმით, ამის შესახებ მას ФСБ-ს წარმომადგენელი პირადად გაესაუბრა და არჩევანი მისცა თანამშრომლობასა და 2-წლიან პატიმრობას შორის.

"დამიბარეს შეხვედრაზე სამხედრო სამსახურში გაწევრიანების ოფისში, სადაც შემხვდა ФСБ-ს ოფიცერი. ამ ოფიცერმა მითხრა, რომ ისინი მე გარკვეული დროის განმავლობაში მითვალთვალებდნენ და მომცეს არჩევანი: დავთანხმებოდი თანამშრომლობას, ან ციხეში წავსულიყავი ორი წლით". – თქვა სოკოლოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ციხეებში არსებული არაადამიანური მოპყრობის შიშით ის დათანხმა ФСБ-ს ჯაშუშად მუშაობას.

სოკოლოვმა 2017 წელს დაიწყო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციულ კამპანიაში მოხალისედ მუშაობა და მნიშვნელოვან ინფორმაციას ФСБ-ს აწვდიდა.

გარკვეული დროის შემდეგ, სოკოლოვის თქმით, ის ФСБ-მ საქართველოში გაუშვა, რათა ეთვალთვალა და ინფორმაცია მოეგროვებინა საქართველოში მცხოვრებ და დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიებს გაექცნენ. 

"მათ ეგონათ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დავალებით ახდენდნენ რუსი ოპოზიციონერების რეკრუტირებას". – ამბობს სოკოლოვი.

CNN-მა ისაუბრა რუსეთის კიდევ ერთ ყოფილ ჯაშუშთან, ვსევოლოდ ოსიპოვთან, რომელიც რუსული ლიბერტარიანული პარტიის წევრი იყო და ის 2021 წლის მაისს, 19 წლის ასაკში დააკავეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისთვის. ზეწოლის შედეგად ის დათანხმდა  ФСБ-სთან თანამშრომლობას.

"სხვადასხვაგვარი დავალებები მქონდა. უნდა შევხვედროდი და გამეცნო კონკრეტული ადამიანები. მაგალითად, რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის ლიდერი, იაროსლავ კონვეი, ან თავისუფალი რუსეთის ფონდის კოორდინატორი საქართველოში, ანტონ მიხალჩუკი". – თქვა ოსიპოვმა.

ოსიპოვის თქმით, ის საქართველოში გაგზავნეს, რათა ეთვალთვალა და შეესწავლა საქართველოში მყოფი რუსები, განსაკუთრებით კი მათი შეხედულება უკრაინაში მიმდინარე ომზე. ასევე, ინფორმაცია მოეგროვებინა, თუ როგორ ეხმარებიან უცხო ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინელ ლტოლვილებს.

"როგორც კი ომი დაიწყო, ჩემმა უფროსმა მომთხოვა, გამერკვია, რას ფიქრობენ საქართველოში მყოფი რუსები უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ФСБ ასევე დაინტერესებული იყო დასავლურ უსაფრთხოების სამსახურებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობით, ან თუ ვინმე რაიმე სახის დაფინანსებას იღებდა უცხო ქვეყნებიდან". – თქვა ოსიპოვმა CNN-თან ინტერვიუში. 

 

კომენტარები