საქართველო-ევროკავშირი

EU-მ შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით – ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა

Tai Dundua / Shutterstock

6 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას, თუმცა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით.

"ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.  ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა საქართველოს, კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის, გენდერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა, ამასთან, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.

"დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად". – ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება, მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

"ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

საბჭოს სხდომაზე ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. "ხელშეკრულებების" შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასოცირების საბჭომ უმკაცრესად დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის.

"საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად". – ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობაც.

"ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან". – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

6 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.  

კომენტარები