რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
Reuters

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის რუსეთისგან ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს. ამ თემაზე ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ზე ისაუბრა.

ვერეშჩუკის ინფორმაციით, მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიან მოსახლეობას რაც შეიძლება მალე სურს ევაკუაცია.

მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია დაბომბვის გამო.

"ხალხი მასობრივად მოგვმართავს დახმარებისთვის. ისინი ცდილობენ დატოვონ სახიფათო ტერიტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი ქალების, ბავშვების, მოხუცების ევაკუაციისთვის". - თქვა ვერეშჩუკმა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები