ევროკავშირი-საქართველო

ენმ-მ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა EU-ს რეკომენდაციებზე პარლამენტში შეხვედრა გამართეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის ფრაქციებმა, ასევე, სტრატეგია აღმაშენებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გამართეს.  

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა თითოეული რეკომენდაციის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, "რომლებიც აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის არის საჭირო". 

"ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაო პროცესს. მომავალ კვირაში სამოქალაქო სექტორისგან მხოლოდ ოთხ მიმართულებაზე - მართლმსაჯულებაზე, დეოლიგარქიზაციაზე, საარჩევნო რეფორმებსა და მედია საკითხებზე დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ. შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტი ამ ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება. ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო პაკეტები, რაც ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის წარედგინება პარლამენტს.

[...] ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღების მექანიზმი. ეს იქნება დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავდებთ თავის საკანონმდებლო ცვლილებებით". - თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.   


ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

18 აგვისტოს, ISFED-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში მათი ჩართვა დაბლოკა. ამის შემდეგ, აშშ-ს საელჩომ დაწერა, რომ  ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება და პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. საელჩოს შეფასებით, სამართლიანი არჩევნები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საპასუხოდ თქვა, რომ საელჩოს განცხადება "როგორც თავად უყვართ თქმა, შოკისმომგვრელია". 

კომენტარები