ღონისძიებები

GMC: 2022 წლის ზაფხულში, 4-მა მუნიციპალიტეტმა დღეობების აღნიშვნისთვის ₾184 000 დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2022 წლის ზაფხულში ოთხ მუნიციპალიტეტში - თეთრიწყაროში, ხულოში, დმანისსა და ახალციხეში დღეობების აღნიშვნისთვის 184 000 ლარი დაიხარჯა.

ორგანიზაცია წერს, რომ ადგილობრივი დღესასწაულების ზეიმისთვის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს.

"დაბა მანგლისი ყოველწლიურად აგვისტოში დღესასწაულ “მანგლისობას” აღნიშნავს. აღნიშნული დღესასწაულისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა კონცერტების ჩასატარებლად მუსიკალური ჯგუფი ბანი და REGGAEON მოიწვია. სააგენტომ დაადგინა, რომ აღნიშნული მუსიკალური ჯფუგები ახორციელებენ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და ამ მიზეზით მიზანშეწონილად ჩათვალა მათთვის გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმება. მანგლისობა 2022 6-7 აგვისტოს გაიმართა, რაშიც მუნიციპალიტეტი 19 000 ლარზე მეტს იხდის. 

დმანისის მუნიციპალიტეტი ივნისისა და ივლისის თვეში ორ სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს, ამისთვის კი მუნიციპალიტეტმა 2022 წლის ივნისსა და ივლისში გასართობი მომსახურების შესაძენად ბიუჯეტიდან 17,875 ლარი გამოყო. დმანისის მუნიციპალიტეტი ივნისში სახალხო დღესასწაულ გომარეთობას აღნიშნავს, ამ დღის მუსიკალური გაფორმებისთვის მუნიციპალიტეტმა 3 500 ლარი ა(ა)იპ ანსამბლ თბილისს გადაუხადა. 26 ივლისს კი დმანისში დღესასწაული დმანისობა აღინიშნება, ამ დღის მუსიკალური გაფორმებისთვის მუნიციპალიტეტმა 14 375 ლარი ანსამბლ ბანს გადაუხადა.

2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გააფორმა ქართველ გიტარისტ, თემურ ყვითელაშვილთან. ხელშეკრულების ღირებულებამ 1 500 ლარი შეადგინა.

ხულოს მუნიციპალიტეტმა კი, შუამთობის აღსანიშნად 90-იანი წლების ცნობილი ჰიტების შემსრულებელი ქართველი მუსიკოსები მოიწვიეს. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო სცენის განათება და გახმოვანება, მონიტორის ქირაობა, ღონისძიების წამყვანებისა და მუსიკოსების ჰონორარები, ღონისძიებებში მონაწილეებისთვის ბრენდირებული მაისურებისა და კეპების შეძენა, სხვადასხვა დეკორაციების მონტაჟი, რისთვისაც მუნიციპალიტეტს 144 904 ლარი დასჭირდა. აღნიშნული თანხა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. ღონისძიებაში მონაწილე მუსიკოსების ჰონორარმა 57 000 ლარი შეადგინა". - წერს ორგანიზაცია.

კომენტარები