ოზი ოზბორნი

"დავიღალე იმით, რომ ადამიანებს ყოველდღე კლავენ" – ოზი ოზბორნი აშშ-ს დატოვებას გეგმავს

Billboard

მძიმე როკის ლეგენდა, ოზი ოზბორნი აშშ-ს დატოვებას და ინგლისში დაბრუნებას გეგმავს.

გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში მუსიკოსმა სამშობლოში დაბრუნების მიზეზებზე ილაპარაკა:

"იქ(აშშ-ში) ყველაფერი აბსურდულია. დავიღალე იმით, რომ ადამიანებს ყოველდღე კლავენ. ღმერთმა იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად. და კიდევ ის მასიური ხოცვა, რომელიც ლას-ვეგასში (2017 წელს ლას-ვეგასში მომხდარი სროლის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა) კონცერტზე მოხდა. სრული სიგიჟეა". – ამბობს ოზბორნი.

ოზის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი ცოლი, მენეჯერი და ტელევარსკვლავი შერონ ოზბორნიც:

"ამერიკა მკვეთრად შეიცვალა. ის საერთოდ აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ვერანაირ ერთობას შტატებს შორის ვერ ვხედავ. დღეს იქ ცხოვრება ძალიან უცნაურია". 

აშშ-დან წასვლის შესახებ ოზბორნებმა მარტშიც ილაპარაკეს, თუმცა მიზეზად კალიფორნიაში გაზრდილი გადასახადები დაასახელეს:

"გადასახადები ძალიან გაიზარდა. სამწუხაროა, იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონდა აქ ცხოვრება". 

ბრიტანელი მუსიკოსი ცოლთან და სამ შვილთან ერთად ამერიკაში რამდენიმე ათწლეულია ცხოვრობს. 

კომენტარები