ისრაელი

მოსადის ყოფილი უფროსი: ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებდა

მოსადის ყოფილი ხელმძღვანელი, იოსი კოენი

მოსადის ყოფილი ხელმძღვანელის, იოსი კოენის ინფორმაციით, ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებდა.

შვეიცარიაში პირველი სიონისტური კონგრესის 125-ე წლისთავის ღონისძიებაზე კოენმა ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმება გააკრიტიკა.

"მოსადის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ბევრი ოპერაცია ჩავატარეთ. დეტალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მოსადმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან ბრძოლაში ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩვენ ვმოქმედებდით მთელ მსოფლიოში და თავად ირანის მიწაზე, აიათოლების შუაგულში". - თქვა კოენმა.

ბირთვულ მოლაპარაკებებზე საუბრისას კოენმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა, რომელიც ჩვენს განადგურებას ითხოვს, ბირთვულ ღილაკს ხელი დააჭიროს.

ირანი ცდილობს, ალყა შემოარტყას ისრაელს - სამხრეთით ღაზადან ლიბანამდე და ჩრდილოეთით სირიამდე. ის აფინანსებს, ამზადებს და იარაღს აწვდის ტერორისტულ ჯგუფებს, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ათასობით რაკეტა ესროლონ ისრაელის მოსახლეობას". - თქვა კოენმა.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშავება უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები