დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ უდიდესი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

ამერიკული აპაჩის ტიპის ვერტმფრენები კემპ ჰამფრის ბაზაზე ფიონტეკში, სეულიდან 65 კმ.-ში. 2022 წლის 22 აგვისტო.

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ნახევარკუნძულზე უდიდესი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციებს ელოდნენ, ჩინეთი კი ტაივანის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას იყენებს. 

წვრთნები, სახელად Ulchi Freedom Shield-ი, 22 აგვისტოს დაიწყო და 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.

სამხედრო წვრთნების პირველი ნაწილი მოიცავს ფართომასშტაბიანი ომის, ჩრდილოეთ კორეის თავდასხმისა და სეულის ცენტრის დაცვის სიმულაციას. მეორე ნაწილის ფარგლებში კი ივარჯიშებენ კონტრიერიშულ ოპერაციებზე, მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებზე თავდასხმაზე, დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

Ulchi Freedom Shield-ი მოიცავს ბრძოლის ველზე ისეთ წვრთნებს, რომლებიც ბოლო ხანებში აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის შემცირდა. მსგავსი წვრთნები ხუთი წელია რაც აღარ ჩატარებულა. 2018 წლის სინგაპურის სამიტზე აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი წვრთნების მასშტაბი შეამცირა.

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ძალები გეგმავენ 13 ტიპის ტაქტიკური დონისა და პრაქტიკული საველე ვარჯიშების შესრულებას. საველე წვრთნები მოიცავს ბრიგადის დონეზე ვარჯიშებს, მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სიმულაციის სისტემების გამოყენებით, ასევე მასობრივი იარაღის განადგურების ოპერაციებზე ბატალიონის დონის წვრთნებს. 

ამას გარდა, ამჯერად ეს წვრთნები მოიცავს სამხრეთ კორეის მთავრობის დონის სამოქალაქო თავდაცვის ვარჯიშებს, რომელთა ფოკუსი არასამხედრო კრიზისები, ძირითადად ბუნებრივი კატასტროფებია. 

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 4 000 საჯარო მოხელე და 480 000 სამხედრო.

ჩრდილოეთ კორეაში წვრთნებს უწოდეს "ქვეყანაში შეჭრის, ომის რეპეტიცია" და ეს მოქმედებები გამოიყენეს დაძაბულობის ზრდის წინაპირობად.

11 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ გაისრულა სავარაუდოდ ორი ფრთოსანი რაკეტა ფხენიანის სამხრეთ რაიონიდან დასავლეთის ზღვის მიმართულებით, მას შემდეგ, რაც გასულ დღეს აშშ-მ და სამხრეთ კორეამ Ulchi Freedom Shield-ისთვის წინასწარი ვარჯიშები დაიწყეს.

კომენტარები