ქართული ოცნება

კომუნიკაციების კომისია: ეჭვია, რომ კანონს განზრახ არღვევენ და რეაგირებაზე გვადანაშაულებენ

ტაბულა

კომუნიკაციების კომისია მათ მიერ ქართული ოცნების სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ფორმულას, მთავარი არხისა და ტელეკომპანია პირველის განცხადებას ეხმაურება და მას დაუსაბუთებლად აფასებს. მათივე განცხადებით, უჩნდებათ ეჭვი, რომ ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს და შემდგომ "კანონის მოთხოვნების მიხედვით რეაგირებაზე" კომუნიკაციების კომისიას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. 

კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად, მათივე შეფასებით, არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეკლამის კანონიერების საკითხს 'გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს". 

"სამაუწყებლო რეკლამის ეთერში განთავსებას კანონის მიხედვით მკაფიო წესები აქვს, რომლებიც მაუწყებლებმა კარგად იციან. დავაში ჩართული ტელევიზიების წარმომადგენლები აპელირებენ, რომ სადავოდ გამხდარი ვიდეო-რგოლი განეკუთვნება სოციალურ და არა პოლიტიკურ რეკლამას, რომლის განხილვაც კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციას სცილდება. კანონმდებლობის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის განთავსების მართლზომიერების გადაწყვეტა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაა, შესაბამისად, როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი სწორედ კომუნიკაციების კომისიის განსახილველია. 

გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური და პოლიტიკური რეკლამა კომისიის საზედამხედველო არეალშია, არ არსებობდა სადაო ვიდეო-რგოლთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ვიდეო-რგოლის შინაარსობრივ განხილვას, კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ. დავაში ჩართულ მაუწყებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დავის არსებითად განხილვა - ვიდეო-რგოლის შინაარსობრივი შეფასება და მისი ეთერში განთავსების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტა არ ხდება კომუნიკაციების კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. კომუნიკაციების კომისიამ მოსამზადებელი სხდომის ფორმატში დაადგინა, რომ სადავო იყო მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსების კანონიერების საკითხი. კანონის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს უშუალოდ სადავო ვიდეო-რგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემედგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით". - წერია განცხადებაში.

მაუწყებლების სანქცირებით მედიის შეზღუდვას და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისია წერს, რომ რეკლამის კანონიერების საკითხი კანონმდებლობით მკაფიოდ რეგულირდება და მაუწყებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი პასუხისმგებლობაა, რეკლამის ეთერში განთავსებით კანონი არ დააღვიონ. 

"კანონის დაცვით რეკლამების განთავსებისას კომუნიკაციების კომისიას საქმის წარმოების დაწყების არავითარი საფუძველი არ ექნება. შესაბამისად, ტელევიზიები კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან ეთერში არასათანადო სარეკლამო რგოლები არ განათავსონ და დაიცვან კანონის მოთხოვნები, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური რეკლამის განთავსებისას. 

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2014 წლიდან არ არსებობს კომუნიკაციების კომისიის არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს, პირიქით, როგორც კომისიის მიდგომა და ყველა გადაწყვეტილება, ისე არსებული კანონმდებლობა, ადასტურებს და ცალსახად მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად გაიზარდოს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა შინაარსობრივი ნაწილი, გარდა რეკლამისა, დერეგულირებულია, შესაბამისად, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური რეკლამის საკითხზე კომუნიკაციების კომისიას არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. კომუნიკაციების კომისიის მიდგომა და გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა იციან, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს და შემდგომ კანონის მოთხოვნების მიხედვით რეაგირებაზე კომუნიკაციების კომისიას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ". - წერია განცხადებაში.  

სამმა ტელეკომპანიამ, მთავარმა არხმაფორმულამ და TV პირველმა ამ ტელევიზიების წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება არხების წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული სადამსჯელო ქმედებაა. 

ქართულმა ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სარჩელს საგანგაშოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია.  

საქმის განხილვა 23 აგვისტოს დაიწყება. 

კომენტარები