საქართველო-ევროკავშირი

EU 5 ივლისზე: მთავრობამ შეკრების უფლება და მომიტინგეთა უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვა

ტაბულა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ადამიანის უფლებების შესახებ ქვეთავში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის ძალადობრივი და ჰომოფობიური მოვლენების დროს მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს.

"2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ LGBTQ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს". – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თანასწორი უფლებები და მოპყრობა განსაკუთრებით LGBTQ თემის მიმართ 2021 წელს ზეწოლას ექვემდებარებოდა, რაც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობამაც აჩვენა.

ამასთან, ევროკავშირი ქვეყნის გამოწვევებს შორის გამოყოფს ძალადობას ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე.

კომენტარები