აშშ-ჩინეთი-ტაივანი

პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთი აშშ-სთან მაღალი დონის სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს

VOA

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შედეგად ჩინეთი აშშ-სთან რიგ საკითხებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, ასევე, წყვეტს დიალოგს მაღალი დონის სამხედრო მეთაურებს შორის. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, თანამშრომლობა ასევე წყდება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კლიმატი, საზღვართაშორისი დანაშაულის პრევენცია და არალეგალი მიგრანტების რეპატრიაცია.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიპესთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. გუშინ, 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

კომენტარები