ტაივანის მთავრობის მონაცემებით, რომლებიც კვლევითმა ჯგუფმა Secure Taiwan Associate Corporation (STA) შეაგროვა, ბოლო კვირებში ტაივანის გარშემო ჩინეთის საჰაერო ძალების აქტივობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო გასულ კვირაში ფრენები საერთოდ არ დაფიქსირებულა.
Reuters აღნიშნავს, რომ ეს მოულოდნელი ვარდნაა იმ ყოველდღიურ სამხედრო მანევრებთან შედარებით, რომელსაც ჩინეთი ადრე მიმართავდა და შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პეკინი ტაიპეიზე ზეწოლის ტაქტიკას ხელახლა აანალიზებს.
STA-ის მიხედვით, ჩინეთმა წელს ტაივანის საჰაერო თავდაცვის ამოცნობის ზონაში 460 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, რაც 46.5%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ.
თებერვალში ტაივანმა დააფიქსირა ასეთი 190 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი - ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2022 წელს თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთის მიერ კუნძულის გარშემო ჩატარებული სამხედრო მოქმედებების ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო.
ორი ტაივანელი ოფიციალური პირი Reuters-ს უყვება, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი შესაძლოა თვალსაჩინო ზეწოლის ტაქტიკას თვის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის წინ უკეთესი ატმოსფეროს შესაქმნელად ამცირებდეს.
"ტრამპთან შეხვედრის წინ პეკინი შესაძლოა ცდილობდეს შექმნას ცრუ შთაბეჭდილება: მე მშვიდობიანი ვარ, მშვიდობისკენ მივდივარ, ამიტომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა" - განუცხადა Reuters-ს ტაივანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ჩინეთს, რომელიც კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, 27 თებერვლის შემდეგ ტაივანის მახლობლად არცერთი სამხედრო თვითმფრინავი არ გაუგზავნია. STA-ს მკვლევრის ტრისტან ტანგის თქმით, ეს უპრეცედენტო ექვსდღიანი პაუზაა და ის ირანში მიმდინარე ომს დაემთხვა.
წარსულში მსგავსი პაუზები მოკლე იყო და ჩვეულებრივ ტაიფუნებს ან ჩინურ დღესასწაულებს უკავშირდებოდა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Reuters-სთან აღნიშნა, რომ პეკინი შესაძლოა ამ პაუზას ბოლო დროს გამართული დიდი სამხედრო სწავლებებიდან მიღებული გამოცდილების გასაანალიზებლად იყენებდეს.
თუმცა ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვა კუნძულის გარშემო კვლავ აქტიურია, რაც აჩვენებს, რომ პეკინმა მხოლოდ პოლიტიკურად უფრო მგრძნობიარე საჰაერო აქტივობა შეამცირა.





