აშშ-ჩინეთი

ბლინკენი: ჩინეთის მხრიდან ტაივანის მახლობლად სამხედრო გასროლები მნიშვნელოვანი ესკალაციაა

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო წვრთნები "მნიშვნელოვან ესკალაციად" შეაფასა და პეკინს უკან დახევისკენ მოუწოდა.

"კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ის პუნქტები, რომლებიც ბოლო დღეებში საჯაროდ და პირისპირ ჩინელ კოლეგებს ვუთხარით: [ნენსი პელოსის] ვიზიტი ომის, ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად არ უნდა გამოიყენონ. ვერ იარსებებს მათი მოქმედებების გამართლება. მოვუწოდებ, შეწყვიტონ ეს მოქმედებები". - თქვა ბლინკენმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ კამბოჯის დედაქალაქ პომპენში.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში იყო მშვიდობიანი და არ წარმოადგენდა ტაივანის მიმართ ამერიკული პოლიტიკის ცვლილებას. 

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიპესთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. გუშინ, 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა. ტოკიომ ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა - კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჯიუტად ცდის რაკეტებს სხვა ქვეყნების მახლობლად. 

წვრთნები 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, მსგავსი მოქმედებები ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები