ტრაგედია გუდაურში

გუდაურთან დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს

შსს

გუდაურთან ავიაკატასტროფაში დაღუპული მფრინავები და მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი
საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დააჯილდოვა. გარდა ამისა, გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები პრეზიდენტმა დააჯილდოვა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის". ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები 100-100 ათას ლარს მიიღებენ.

29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა - ინსტრუქტორი დაშავდა, მასთან ერთად მყოფი ტურისტი კი მოგვიანებით დაიღუპა. მათ გადასარჩენად წასული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  ასევე, შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "საინტერესოა, პარაპლანზე ლიცენზია როგორ გაიცემა", მისივე სიტყვებით, საკითხს შეისწავლია, მანამდე კი პარაპლანით ფრენები შეჩერდება. 

კომენტარები