ტრაგედია გუდაურში

გუდაურთან დაღუპულებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, პანაშვიდი სამებაში გაიმართება

მთავარი/რუსთავი2

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. შსს-ს ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

"პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ" - აცხადებს შსს.

29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა - ინსტრუქტორი დაშავდა, მასთან ერთად მყოფი ტურისტი კი მოგვიანებით დაიღუპა. მათ გადასარჩენად წასული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ასევე, შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "საინტერესოა, პარაპლანზე ლიცენზია როგორ გაიცემა", მისივე სიტყვებით, საკითხს შეისწავლია, მანამდე კი პარაპლანით ფრენები შეჩერდება. 

კომენტარები