წყალდიდობა აშშ-ში

კენტუკის შტატში წყალდიდობას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, აპალაჩიას რეგიონში წყალდიდობას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, 6 ბავშვი.

შტატის გუბერნატორის, ენდი ბეშირის თქმით, სავარაუდოა, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი და საწარმო.

ეროვნულ გვარდიასთან ერთად რეგიონის ვერტმფრენით დათვალიერების შემდეგ, ბეშირმა აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია რეგიონში ათწლეულებია არ მომხდარა.

"ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია [სტიქიის ზონაში], ჯერ კიდევ ბევრია, ვინც არ აღგვირიცხავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველას მივაგნოთ". - თქვა ბაშირმა, რომლის თქმითაც, ყველა მსხვერპლის მიგნებას, სავარაუდოდ, კვირები დასჭირდება.

რეგიონში წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად სტიქიის ზონაში მცხოვრები, სულ მცირე, 33 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა გზებიც. ასობით ადამიანი ნავებისა და ვერტმფრენების საშუალებით გადაარჩინეს.

კომენტარები