პოლიციელების ძალადობა

მეტროში შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს

ისნის მეტროსადგურში შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, ნუკრი ბაქრაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს - 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ. 

საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაკავებული კიდევ ერთი პოლიციელი, კახა ბაკაშვილი პატიმრობიდან 14 ივლისს გათავისუფლდა. ადვოკატის ინფორმაციით, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა.   

2022 წლის იანვარში ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.   

24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის: 

 "მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

 

კომენტარები