რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბახმუტში სასტუმრო დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქი ბახმუტი დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში ერთ-ერთ სასტუმროზე მიიტანეს. 2-სართულიანი შენობა განადგურდა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარმა განყოფილებამ გაავრცელა.

"ოკუპანტებმა ქალაქ ბახმუტზე იერიში დაახლოებით დილის 7 საათზე მიიტანეს. ნანგრევების ქვეშ ნაპოვნია ცხედარი, 4-მა ადამიანმა კი დაზიანება მიიღო. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება". - წერს საგანგებო სიტუაციების სამსახური.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები