რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შევჩენკო: ომი ომია, თუმცა, ჩვენ არ უნდა დავნებდეთ – მსოფლიომ კი ყურადღება არ უნდა მოადუნოს

ანდრეი შევჩენკო
citisportsonline

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო პოლონეთში საქველმოქმედო საჩოგბურთო მატჩებს დაესწრო, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა. პოლონეთში ვიზიტის დროს, შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

"ომი ომია, თუმცა, ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე და რიგითი მოქალაქეები უკრაინაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ქვეყანამ ცხოვრება და არსებობა განაგრძოს. მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ყურადღება არ მოადუნონ. სპორტსმენებიც უნდა გაერთიანდნენ და მსოფლიოს მკაფიო სიგნალები გაუგზავნონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ საზოგადოების ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება დახმარება და ერთიანობა, რათა ეს ომი შევაჩეროთ. ომის დაწყებამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა". - თქვა შევჩენკომ.

ასევე, ანდრეი შევჩენკო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავის 17 წლის შვილთან, ჯორდანთან ერთად საზაფხულო სკოლას ესტუმრა, სადაც დევნილი უკრაინელი ბავშვები რეაბილიტაციის პროცესს გადიან და განათლებას იღებენ. იქ შევჩენკომ დევნილი უკრაინელი ბავშვების შესახებაც ისაუბრა.

"ომის შედეგად, გასულ 5 თვეში თითქმის 3 მილიონ უკრაინელ ბავშვს მოუხდა იძულებით საკუთარი სახლის დატოვება. ომისგან მიღებული ფიზიკური დაზიანებები ისედაც ცხადია, თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც ამ ახალგაზრდებმა სამხედრო კონფლიქტის შედეგად მიიღეს. საკმარისი არ არის, რომ ეს ბავშვები ომს გავარიდოთ, ჩვენ ისინი მისგან უნდა გადავარჩინოთ". - განაცხადა შევჩენკომ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები