ირანი

ირანის მედია: ისრაელის ჯაშუშები ისპაჰანში ობიექტზე ბომბების განთავსებისას დააკავეს

ირანის სამთავრობო მედიის მტკიცებით, ისპაჰანის პროვინციაში ისრაელის მოსადთან კავშირში მყოფი ჯაშუშების ქსელი დააკავეს მაშინ, როცა "ძალიან მნიშვნელოვან" ობიექტზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამონტაჟებდნენ, მათი აფეთქებიდან რამდენიმე საათით ადრე.

აქამდე, 23 ივლისს, ირანის დაზვერვის მტკიცებით, მათ შეაჩერეს ისრაელის ჯაშუშების ჯგუფი, რომელიც საბოტაჟსა და "ტერორისტულ ოპერაციებს" გეგმავდა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიითა და ყველაზე ძლიერი ასაფეთქებლებით. 

"ყველა მათგანი დაკავებულია და მათი იარაღები, ასაფეთქებლები, ტექნიკური და საკომუნიკაციო აღჭურვილობა სრულად აღმოჩენილი და ჩამორთმეულია". – ნათქვამი იყო ირანის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში. 

ირანის დაზვერვის მტკიცებით, ისრაელის ჯაშუშებს კავშირი ჰქონდათ სხვა ქვეყნის აგენტებთანაც და ისინი ქვეყანაში ერაყის ქურთისტანის რეგიონიდან შემოვიდნენ. 

კვირას ირანულ მედიაში წერდნენ, რომ ჯაშუშების ჯგუფი ირანში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და ისპაჰანში "მნიშვნელოვანი ობიექტის" აფეთქებას გეგმავდნენ.

თეირანი ჯერჯერობით არ აზუსტებს დაკავებულთა რაოდენობას და მათ მოქალაქეობას, არც მათ სამიზნეს.

აღსანიშნავია, რომ ისპაჰანში მდებარეობს ირანისთვის მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტები.

პარალელურად, სოციალურ მედიაში ტრიალებს დაუდასტურებელი ინფორმაცია ირანელი რაკეტების მინჟინრის, საიდ თამრდარ მუთლაკის მკვლელობის შესახებ.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები