ქართული ოცნება

წულუკიანი: ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო – ამან სტრასბურგში ხელი შეგვიშალა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მას და მთლიანად ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დროს, ხელი შეუშალა. "ზურაბიშვილმა, რომელიც იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. რუსეთმა კი ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა" - ამბობს წულუკიანი.

"ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც რუსეთს ელოლიავება და ეფერება კი არა, არამედ ერთიმეორის მიყოლებით მის წინააღმდეგ დავები ვაწარმოეთ და ეს დავები მოვიგეთ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი სად ხედავს ლოლიაობას. არ მახსენდება მისგან შემოთავაზებული არცერთი დახმარება, როდესაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფოს წარმომადგენელი მხარე სტრასბურგში ვიცავდი ქართველი ჯარისკაცის, პროკურორის, პოლიციის, ყველაფრის ინტერესს. ზურაბიშვილისგან ხელის შეშლის მეტი არაფერი მახსენდება, ეს არასოდეს მითქვამს. მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა თავდაცვის უწყება, გენერალური შტაბი, შსს, სუს-ი და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი. აი ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ. მეორე მხარეს მათ დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ - თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიდის და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს ჩემთვის სერიზოული ხელის შეშლა იყო. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია. არ მინდა, სახელები და გვარები ჩამოვთვალო, მაგრამ ყოფილა ხოლმე, არა ამ საქმეზე, მაგრამ ერთ-ერთი დავა საქართველომ ერთ ნაწილში სტრასბურგში წააგო ერთ-ერთი აქაური ცნობადი სახის საჯარო განცხადების გამო. ცხადია, ეს სხვა საქმეს ეხება. მეორე მხარეს ხედავს ამას და მოსამართლესთან მიაქვს, რომ - ნახეთ, ამან რა თქვა. ამიტომაც უნდა ვიყოთ ყველა ფრთხილად, როდესაც ვიცით, რომ სადღაც დავა მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე, რაღაც განცხადბებისგან თავი შევიკავოთ, მითუმეტეს, როდესაც ეს სიცრუეა. ასეთი რამ გააკეთა ზურაბიშვილმა, როდესაც ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება და თქვა სიცრუე, რომ თითქოს საქართველოს ომი დაუწყია და ქართული ჯარი დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად შევძელით ის, რომ ამ ყველაფრის გაბათილება შევძელით. მე არ მახსენდება ქალბატონი სალომეს დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ამ ხელისუფლებამ ქვეყანას გაუკეთა. ქალბატონო სალომე, სად იყავით ამ ბრძოლაში?" - თქვა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში საუბრის დროს. 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ელჩებისა და ევროპარლამენტარების მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია და რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს.

12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში დააკისრა პასუხისმგებლობა. 

რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლომ კომპენსაციისა და სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა. სასამართლოს აზრით, ეს საკითხი არ არის მზად საბოლოო გადაწყვეტისთვის. 

რა დარღვევა დაუდგინა რუსეთს სასამართლომ? 

  • სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთის და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. 
  • დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. 
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავებით შეიქმნა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკა.
  • სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში ცხინვალის რეგიონის დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.
  • საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

    სარჩელი საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

    სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

კომენტარები