რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტი: პუტინის ირანში ვიზიტი რუსეთის სასოწარკვეთაზე მიანიშნებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, თეირანი, ირანი, 2015 წლის 23 ნოემბერი
REUTERS/Alexei Druzhinin/Sputnik/Kremlin/File Photo

აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ჯონ დრენანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ირანში ვიზიტით სურდა დაემტკიცებინა, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა ნაცვლად ამისა თეირანში სტუმრობით "მცირე სასოწარკვეთა" აჩვენა.

"ვფიქრობ, რუსები ამ შეხვედრას აღიქვამენ, როგორც იმის დემონსტრირებას, რომ ისინი რეალურად არათუ იზოლირებულნი, არამედ ახლო აღმოსავლეთში კვლავ მთავარი მოთამაშეები არიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ სასოწარკვეთას აჩვენებს, რამდენადაც დასტურია, რომ რუსებს სამხედრო მხარდაჭერისთვის ირანელებთან წასვლა უწევთ". - აღნიშნა დრენანმა. 

მანამდე, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტი აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულნი არიან პუტინი და რუსეთი. მისი განმარტებით, ახლა ისინი დახმარებისთვის ირანს მიუბრუნდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირანში ვიზიტისას ქვეყნის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. 

ხამეინის თქმით, თეირანმა და მოსკოვმა დასავლური ტყუილების წინააღმდეგ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ. გარდა ამისა, ხამენეიმ პუტინს გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

უკრაინასთან დაკავშირებით ხამენეიმ აღნიშნა, რომ ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს სულაც არ ახარებს ის ფაქტი, რომ რიგით მოქალაქეებს მსგავს ვითარებაში ცხოვრება უწევთ. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოსაყენებლად უნდა შეიძინოს. აშშ-ს ცნობით, ირანი რუსული ძალების გაწვრთნას უპილოტო თვითმფრინავების გამოსაყენებლად ამ თვეში გეგმავს.

ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, CIA-ის დირექტორმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ რუსეთის ინტერესი ირანული უპილოტო თვითმფრინავების მიმართ დასტურია "რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ნაკლოვანების".

"რუსეთსა და ირანს ახლა ერთმანეთი სჭირდებათ, რადგან ორივე სანქციების ქვეშაა და ორივე ცდილობს პოლიტიკურ იზოლაციას თავი დააღწიოს". - აღნიშნა ბერნსმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. რუსეთი კი დასავლეთისგან სანქცირებული უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგაა. 

კომენტარები