კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 23 წლის პირი, რომელმაც 38 წლის დედა დაჭრა და მისი ნაცნობი კაცი მოკლა (ვიდეო)

სამართალდამცველებმა დედის დაჭრასა და მისი ნაცნობი კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. მის გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთი პირი აიყვანეს.  

"1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა" - აცხადებს შსს.

მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულს - 3-დან 7 წლამდე პატიმრობა.

კომენტარები