რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"რუსები ხარკოვს ბომბავენ. მაცხოვრებლების საყურადღებოდ: დარჩით თავშესაფრებში, თუ აუცილებელი არ არის, ქუჩაში ნუ გახვალთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ განგაშის სიგნალები". - წერს სინეგუბოვი.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი დაბომბეს. მისივე ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი ავტობუსების გაჩერებებზეც გახსნეს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები