ნიკა გვარამიას საქმე

დეგნანი ჩხიკვაძეზე: საქართველოსთან დიდი ხანია ვმეგობრობთ და ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით

ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს საქართველოსთან და როგორც კარგი მეგობრები, ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანმებით. ჩვენ უთანხმოებაზე საუბარი უნდა შეგვეძლოს და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რადგან ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ძალიან გვაშფოთებს, საჯაროდაც ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოვიქეცით. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება დროულობასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. ამით მხოლოდ აშშ არ შეშფოთებულა - ჩვენთან ერთად, სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობოებსა და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსაც მსგავსი რეაქცია ჰქონდათ. ეს არ არის ის, რაც ფარულად განხორციელდა - ყველაფერი საჯაროდ მოხდა, რაც საკმაოდ ნორმალურია. სტანდარტული პრაქტიკაა. ვფიქრობ, შემდეგ ეს ააგორეს, ძალიან ბევრი რამ შექმნეს იმისგან, რაც საერთოდ არ არის სკანდალი. ძალიან რუტინული საქმეა.

აშშ-მ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას ძალიან დიდი დრო დაუთმო. აშშ ცდილობდა, გაეუმჯობესებინა პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, რაც მოიცავდა ხანგრძლივ ურთიერთობებს აშშ-ს ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს რუტინული საჭიროებებია და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ცხადია, ეს მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა.

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ნიკა გვარამიას მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე. ლაშა ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.

კომენტარები