რუსული აგრესია

რუსეთთან ჭიდილში – როგორ გვეშინოდეს სწორად

რუსული აგრესია

რუსეთთან ჭიდილში – როგორ გვეშინოდეს სწორად

- “ეხლა რომ მშვიდობიანობა არის?

- რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.” - მგზავრის წერილები, ილია ჭავჭავაძე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში არ წყდება კამათი თუ რა სტრატეგია უნდა აირჩიოს ჩვენმა ქვეყანამ მისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინას მტკიცედ უჭერს მხარს. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება რუსეთის მიმართ არჩეული დაყვავების პოლიტიკის კრიტიკას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად ასაღებს. ქვეყნის პროდასავლური არჩევანი არასოდეს ყოფილა ამ მასშტაბის განხილვის საგანი.    

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას უნდა, რომ დასავლეთის განუყოფელი ნაწილი გავხდეთ. ამის პარალელურად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრს გაუჩნდა შიში, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იგივე შეიძლება განმეორდეს.


სასტუმრო უკრაინა ნანგრევებში, ჩერნიჰივი, უკრაინა. 3 მაისი, 2022 წყარო: usnews
 

პრორუსული პროპაგანდა ომის შიშით მოხერხებულად სარგებლობს. გვიმტკიცებენ, რომ დასავლეთთან სიახლოვე რუსეთის აგრესიას ნიშნავს, ხოლო რუსეთთან მიტმასნა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტია. კითხვა “ომი გინდათ?” ამ ნარატივის ნაწილია. ეს მშვიდობის სახელით ქვეყნისთვის იმ საზიანო პოლიტიკის თავს მოხვევის მცდელობაა, რომელიც არც მშვიდობას მოგვიტანს და დასავლეთსაც დაგვაშორებს. 

ვინც ომით გვაშინებს, ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. რადგან რუსეთი ჩვენზე დიდი და ძლიერია, ანტიდასავლური ჯგუფები რუსეთთან დაყვავების პოლიტიკის გატარებას გვთავაზობენ. ამ ლოგიკით, ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად დუმილით ან რუსეთის მაამებლური პოლიტიკით უნდა გავიდეთ ფონს. 

იმ საფრთხეების მიუხედავად რის წინაშეც ვდგავართ, რატომ არის ეს მიდგომა არასწორი და რატომ უნდა გავაგრძელოთ ჯიუტად სწრაფვა დასავლეთისკენ?

რა არის მშვიდობა?

“ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა, რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა,” - წერს მარო მაყაშვილი. 

მარო 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. დამოუკიდებლობის დასაცავად მოხალისედ, მოწყალების დად წასული 19 წლის მაროს გარდაცვალებიდან 100 წელზე მეტი გავიდა. იმ გამოცდილების მიუხედავად, რაც რუსეთთან ურთიერთობაში დავაგროვეთ, დღეს მშვიდობის სახელით ისევ ამ ქვეყანასთან დაახლოების მოწოდებები ისმის. 


მარო მაყაშვილის დღიური

იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, რატომ არის რუსეთის მაამებლური პოლიტიკა მცდარი, ორ კითხვას გავცეთ პასუხი: რა არის მშვიდობა და დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში რას ნიშნავს მისი მხარდაჭერა საქართველოში

ნეტარი ავგუსტინე “ღვთის ქალაქში”  მშვიდობას სამართლიანობაზე დაფუძნებულ წესრიგად წარმოგვიჩენს და “მოწესრიგებულ სიწყნარეს” (tranquillitas ordinis) უწოდებს. წესრიგი, რომელიც საერთო სიკეთეს არ უზრუნველყოფს და უსამართლობას ეფუძნება, მშვიდობას არ წარმოადგენს. ნეგატიური კონცეფციით მშვიდობა შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ომის და ძალადობის არარსებობა. ამის საპირისპიროდ, ნეტარ ავგუსტინეს მშვიდობის პოზიტიური გაგება შემოაქვს და ამბობს, რომ აგრესიის არარსებობის მიღმა მშვიდობა სამართლიან წესრიგს მოითხოვს. 

21-ე საუკუნეში მოწესრიგებული მშვიდობა ადამიანის უფლებების დაცვას, მოქალაქეების საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობას და თანხმობაზე დაფუძნებულ მმართველობას გულისხმობს. ამერიკელი კათოლიკე თეოლოგი და საჯარო ინტელექტუალი ჯორჯ ვაიგელი ამბობს, რომ ამგვარი მშვიდობა შემთხვევითი არ არის და მორალური პასუხისმგებლობით მუდმივ მოქმედებას საჭიროებს. ვაიგელისთვის წმინდა ავგუსტინეს “მოწესრიგებული მშვიდობა” დემოკრატიებში გვხვდება და მის შენარჩუნებას განუწყვეტლივ შრომა სჭირდება. 


ნეტარი ავგუსტინე. წყარო: opusdei.org

უკრაინა დღეს სამართლიანობაზე დაფუძნებული წესრიგისთვის იბრძვის. მშვიდობა მხოლოდ ომის არქონა რომ იყოს, უკრაინას ამგვარი მშვიდობისგან სულ ერთი ნაბიჯი აშორებს. საკმარისია, რუსეთის მოთხოვნებს დათანხმდეს და სუვერენიტეტი დათმოს, რომ საარტილერიო დაბომბვის ხმა შეწყდება და ქვეყანაში გარკვეული წესრიგი დაისადგურებს. ცხადია, რომ უკრაინაში ამგვარი წესრიგისთვის არავის სურს ბრძოლის შეწყვეტა. 

არც საქართველოა თანახმა რუსეთის უსამართლო წესრიგზე. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, ომის შიშით მორჩილებაში იყოს. სამართლიანი წესრიგის პირობებში საქართველოს უფლება აქვს, გარე ძალის ჩაურევლად მართოს ქვეყანა, აირჩიოს ალიანსები და ქვეყნის ბედი თავად გადაწყვიტოს. დღეს საქართველოში მშვიდობა დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლაა. მშვიდობა ის მომავალია, რომელშიც აგრესიული მეზობლის ჩაურევლად ვვითარდებით. 

ისინი, ვინც რუსეთთან დაყვავების პოლიტიკას გვთავაზობენ, სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას არ ემხრობიან. ამ ჯგუფს სურს, ომის შიშით მშვიდობის ნაცვლად  სტაბილურობა მოგვახვიოს თავს. ეს ის სტაბილურობაა, რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაისადგურა. მას წინ თავისუფლების დაკარგვა და ქვეყნის კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილის დახვრეტა ან გადასახლება უძღვოდა. ამ სტაბილურ სტაგნაციაში გავატარეთ 70 წელი. რუსეთის მაამებლური პოლიტიკის შემოთავაზებით დღესაც ამ სტაგნაციის არჩევისკენ გვიბიძგებენ.

არისტოტელეს სიმამაცე და საქართველო

ოქროს შუალედის დოქტრინა

არისტოტელესთვის სიმამაცე სიმხდალესა და თავზეხელაღებულობას შორის ოქროს შუალედის პოვნაა. მისთვის სიმამაცე მანკიერებაში გადადის, როდესაც ან ზედმეტად ვირჯებით ან უმოქმედობით გვაკლდება ძალისხმევა. ზედმეტი თავდაჯერებულობა დაუდევრობაა, მეტისმეტი სიფრთხილე კი - სიმხდალე. არისტოტელესთვის სიმამაცე არც ერთია და არც მეორე, რადგან სწორად მოქმედებისთვის იდეალური ბალანსის დაჭერაა საჭირო. არისტოტელე მიიჩნევს, რომ გადამეტებული სიმამაცე არ არსებობს, რადგან ზედმეტი სითამამე დაუდევრობა ხდება, ისევე როგორც წრეგადასული წინდახედულობა სიმხდალე. 

სიმამაცე შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმის გაკეთებას ნიშნავს. მაგალითად, თუ ყაჩაღობას შეესწარით და იცით, რომ თავდამსხმელს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით, არჩევანის წინაშე დგებით. შეგიძლიათ, გაიქცეთ ან პოლიციაში დარეკოთ და განგაში ატეხოთ. თუ იცით, რომ თავდამსხმელს პირდაპირი შერკინებით ვერ შეაჩერებთ, მასთან დაპირისპირება დაუდევრობა იქნება, მაგრამ არაფრის გაკეთება - სიმხდალე. 

არისტოტელეს ოქროს შუალედი პრაქტიკულ ვითარებაზეა დამოკიდებული. სიმხდალესა და დაუდევრობას შორის სწორი ბალანსი სიტუაციიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე დგინდება. არისტოტელე არ განმარტავს თუ რა წარმოადგენს მამაც ქმედებას. ის სიმამაცის ბუნებას განსაზღვრავს, მაგრამ არ გვთავაზობს გადაწყვეტილების მიღების წესს. მისი აზრით, ოქროს შუალედის საპოვნელი უნარების შესაძენად, ადამიანმა შესაბამისი ჩვევები თავად უნდა გამოიმუშაოს და ზომიერება ცხოვრების წესად გაიხადოს. რაციონალური კვლევით და გააზრებით ადამიანი დროთა განმავლობაში “პრაქტიკულ სიბრძნეს” აგროვებს. ეს ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. 


სანტა მარია ასუნტას გუმბათი, კარდინალური სათნოებების ფრესკა. 

არისტოტელე მამაცად მოქმედების კონტექსტში არჩევანსა და ქმედებასაც აფასებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ირჩევს ადამიანი, რატომ აკეთებს ამ არჩევანს, როგორ მოქმედებს ის და რატომ მოქმედებს ასე. მაგალითად, თუ მხოლოდ იმიტომ ამბობ სიმართლეს, რომ სიცრუის გამოაშკარავების გეშინია, სწორი ქმედება ღირებულებას კარგავს. აუცილებელია მიზანი, რომელიც გამოძრავებს და ნაბიჯები, რომლებსაც ამ მიზნის მისაღწევად დგამ, სწორ მორალურ საფუძველს ემყარებოდეს. 

არისტოტელეს ლოგიკას თუ მივყვებით, რუსეთთან ურთიერთობაში რა არის ოქროს შუალედი საქართველოსთვის?

გადარჩენის და მიზნის მიღწევის შანსი

საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს, ქვეყნის ღირსეულ განვითარებას ირჩებს და არა - ომს. მიუხედავად ამისა, ეს მისწრაფებები დღეს ომის ყიჟინად ცხადდება. ვისაც რუსეთის ბატონობისგან თავის დაღწევა და დასავლური ყაიდის სახელმწიფოში ცხოვრება სურს, როგორ უნდა უპასუხოს ამ კრიტიკას?

არისტოტელეს აზრით, სიმამაცე თავდაჯერებულობას საჭიროებს. თავდაჯერებულობა იმისი ალბათობაა, რომ წარმატებას მიაღწევ ან სულ მცირე, გადარჩები მაინც. არისტოტელეს ხედვით, ვითარება, სადაც არც გადარჩენის შანსი გაქვს და არც წარმატების, უიმედოა და აქ სიმამაცით ვერ იმოქმედებ. 

მიუხედავად ამისა, თუ თავგანწირვას სწორი მიზანი აქვს, ის გამართლებული და აუცილებელია. მაგალითად, თუ მცირერიცხოვანი ჯარი ბევრად დიდ მოწინააღმდეგეს უპირისპირდება და ამით მტრის წინსვლის შენელება სურს, ეს გამარჯვების შანსის არქონის შემთხვევაშიც სიმამაცის ცხადი მაგალითია. მცირე სახელმწიფოების ტერიტორიული თავდაცვის სისტემა ხშირად სწორედ ამ ლოგიკაზეა აგებული. რეგულარული არმია მოწინააღმდეგეს დროებით აკავებს, რითაც ტერიტორიული თავდაცვის ძალებს მობილიზების საშუალებას აძლევს. 

ასევე, წნეხის ქვეშ გაუტეხელობა სხვებისთვის მაგალითია, რომ სწორი მიზნისთვის ბრძოლა განაგრძონ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებმა ბევრი აღაფრთოვანა. მან ამერიკის მიერ ევაკუაციის შეთავაზებას ცნობილი ფრაზით უპასუხა: “არ მინდა ტრანსპორტი, ამუნიცია მჭირდება”. ლიდერის გაუტეხელობა მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გახდა.

სიმამაცე, სანდრო ბოტიჩელი, 1470 წელი

გამძლეობა, როგორც სიმამაცის საზომი

გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ წამყვანი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ახალი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. კოლონია მოსკოვიდან მოშორებით მდებარეობს და მძიმე პირობებით არის ცნობილი. ნავალნი ვლადიმირ პუტინის რეჟიმს ჰყავს სამიზნეში ამოღებული. ამ რეჟიმმა ის ქიმიური იარაღით 2021 წელს მოწამლა. ნავალნი გადარჩა და გერმანიაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ საკუთარი ნებით დაბრუნდა რუსეთში. 

სრულიად ცხადი იყო, რომ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციონერ ლიდერებს ქუჩაში ხვრეტენ, ნავალნისაც არავინ დაინდობდა. მიუხედავად ამისა, სისტემის წინააღმდეგ უძლურმა და ჯანმრთელობაშერყეულმა ოპოზიციონერმა გაქცევას მიზნის ერთგულება ამჯობინა. 

თომა აკვინელმა  არისტოტელეს სიმამაცეს ახალი გამოხატულება მისცა და მის მთავარ განმაპირობებლად გამძლეობა აირჩია. ის მიიჩნევს, რომ სიმამაცე გასაჭირში გამოვლენილი სულის სიმტკიცეა. ამ შემთხვევაში  განსაცდელის ჟამს უსუსურების დროსაც არ ვკარგავთ გამბედაობას. აკვინელის სიმამაცე ფიზიკურ სიძლიერეს არ მოითხოვს. აკვინელისთვის გამძლეობა თავის გადარჩენის, გაქცევის სურვილის გადალახვას და მტკიცედ დგომას ნიშნავს. მისთვის ეს მაშინაც ღირებულია, როდესაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. აკვინელის, როგორც ქრისტიანი თეოლოგის სიმამაცის იდეალური გამოხატულება ქრისტეს მოწამეობაა. 

აკვინელი ორი სახის სიმამაცეს განასხვავებს. ესენია ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამბედაობა, სადაც გამარჯვების იმედი არსებობს და ვითარება, როდესაც ბოროტების წინაშე უძლური ხარ. აქ აკვინელი იმ შინაგანი სიძლიერის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელსაც ადამიანი ნების უდრეკელობით ავლენს. აკვინელის სიმამაცეზე ყველას მიუწვდება ხელი, რადგან მთავარია არა ფიზიკური ღონე და მოხერხებულობა, არამედ ნებისყოფა და ტანჯვაში გამძლეობის შენარჩუნება. 

ამგვარი სიმამაცის მაგალითები საქართველოშიც მრავლადაა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რომ გავიხსენოთ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალში დაკავების შემდეგ გამოვლენილმა შეუპოვრობამ ბევრი გააოცა. დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურების მიერ დატყვევებული ექიმი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას არ აღიარებდა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. ეს მის გათავისუფლების ალბათობას მხოლოდ ამცირებდა. მიუხედავად ამისა, გაფრინდაშვილი რეჟიმთან დაპირისპირებას ტყვეობაშიც არ წყვეტდა. 

საქართველოს მიზანი და წარმატების შანსი

ზემოთ აღწერილი თეორიის მიხედვით შევაფასოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი. ამისთვის შემდეგ კითხვებს გავცეთ პასუხი: რა არის საქართველოს მიზანი  და რამდენად გვაქვს წარმატების შანსი

საქართველოს უმთავრესი სასიცოცხლო ინტერესი მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. ჩვენ აგრესიული მეზობლის მოგერიება და თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა გვინდა. ამ მიზნის მიღწევას რუსეთი ეწინააღმდეგება. თუ გვინდა, გავიმარჯვოთ, რუსეთის ინტერესებს უნდა დავუპირისპირდეთ. ეს რთული მისიაა, რადგან რუსეთი ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოა. წინააღმდეგობის გზა განსაცდელით აღსავსეა და პრორუსულ ძალებს სწორედ სირთულის ხაზგასმით სურთ აგვაღებინონ ხელი მართებულ არჩევანზე.

იმისათვის, რომ ამ პროცესში თავდაჯერებულობით ვიმოქმედოთ, საჭიროა, არსებობდეს ალბათობა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა და გადარჩენა შესაძლებელია. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ საქართველოს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. უკრაინას, გასაოცარ გამბედაობასთან ერთად, 40-მილიონიანი მოსახლეობა, სტრატეგიული სიღრმე და დღეს უკვე დასავლური შეიარაღება აქვს. ამ მიზეზით ბევრი საქართველოს პოზიციებს უიმედოდ აფასებს. 

სიმამაცის და სიბრძნის ტრიუმფი, ჯოვანი ბატისტა ტიეპოლო, 1745-1750 წელი

რეალურად, დღეს უიმედობის მიზეზი არ გვაქვს. პირიქით, საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, არსებული ვითარება შორს არის უიმედოსგან. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საფრთხესთან ერთად შესაძლებლობის დიდი ფანჯარა წარმოშვა. რუსეთის აგრესიამ დასავლეთს პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებისკენ უბიძგა. 

ჯერ კიდევ იანვარში დაუჯერებელი იქნებოდა იმ ნაბიჯების ნუსხის წარმოდგენაც კი, რაც დასავლეთმა რუსეთთან დასაპირისპირებლად გადადგა. მათ შორის არის ამერიკაში მიღებული ლენდ-ლიზის კანონი, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები, ევროპაში რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების პროცესი, ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის შეჩერება, გერმანიის თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში კანდიდატის სტატუსით მიღების განხილვაც კი. 

დასავლეთის ამგვარი შემობრუნება მოწმობს, რომ თუ დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს ჯიუტად განვაგრძობთ, იმაზე ბევრად დიდი მხარდაჭერის მიღება შეგვიძლია, ვიდრე სულ რაღაც ერთი წლის წინ წარმოგვედგინა. ეს დახმარება მოიცავს როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ისე დიპლომატიურ მხარდაჭერას და ორმხრივ თანამშრომლობას ევროპის იმ სახელმწიფოებთან, რომელთაც ჩვენ უსაფრთხოებაში რესურსის ჩადება შეუძლიათ. 

შიში

თომა აკვინელი  ამბობს, რომ შიშს სიყვარული აღძრავს. რადგან ადამიანებისთვის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, დიდი საფრთხის წინაშე შიშს მხოლოდ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასის სიყვარული გვაძლევინებს. 

სიმამაცეს ხშირად შიშის უქონლობასთან აიგივებენ. ამის საპირისპიროდ, არისტოტელე მიიჩნევს, რომ შიში სიმამაცის განუყოფელი ნაწილია. თუ შიშს არ განიცდი, ქმედება რისკთან არ არის დაკავშირებული და არც გამბედაობას საჭიროებს. აქ მთავარი ის არის თუ რისი გეშინია. სწორი მიზნით გამბედავად მოქმედი ადამიანი მართებული არჩევანის გაკეთებას არ უფრთხის. მას წარმატება სურს და ამიტომ ეშინია. 

როგორც ავტორი ჰოვარდ კურსერი წერს, წარმოიდგინეთ მეცნიერი, რომელმაც კვლევა უნდა წარადგინოს. ის ნერვიულობს, ამოწმებს ნამუშევარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგი გამოსვლა ჰქონდეს. წარუმატებლობის შიში მას გამოსვლის გაუქმებისკენ არ უბიძგებს. პირიქით, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგი ღონისძიება შედგეს.  


სათნოებების ხე, მე-12 საუკუნე წყარო: mdpi.com​​​

რუსეთთან დაპირისპირების შიში თავისთავად სიმხდალეს არ ნიშნავს. მამაცი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, განიცდიან შიშს. არისტოტელე მიიჩნევს, რომ შიში სიმხდალეა, როდესაც ის საზიანო ქმედების ჩადენის სურვილს აღგიძრავს. მაგალითად, თავის გადარჩენის მიზნით სამშობლოს ღალატის სურვილი, მისი დაძლევის შემთხვევაშიც კი, არისტოტელესთვის სიმხდალედ ითვლება. მისი აზრით, მამაც ადამიანებს მსგავსი წინააღმდეგობა არ ექმნებათ, რადგან ბოროტი ქმედების ჩადენის ცდუნების წინაშე არ დგებიან. მათ შიში რისკის ადეკვატურად შეფასებაში და ფრთხილად მოქმედებაში ეხმარებათ. ამ პროცესში ისინი ახერხებენ სწორი ბალანსი იპოვონ დაუდევრად მოქმედებასა და გადამეტებულ სიფრთხილეს შორის. 

არისტოტელე მიიჩნევს, რომ შიში მამაც ადამიანებს მიზნისკენ მეტი ყურადღებით მოძრაობაში უწყობს ხელს. შიში გაიძულებს, ყველაზე უსაფრთხო გზა იპოვო იმ იდეის განსახორციელებლად, რომლისთვისაც რისკზე მიდიხარ. როგორც ავტორი ჰოვარდ კურსერი ამბობს, ბოროტი ზრახვების დაძლევის გარეშე სიმამაცით მოქმედება იშვიათი და რთულია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეს გამოსდით. 

ბრძოლა, როგორც ბუნებრივი არჩევანი

არისტოტელეს ეს ხედვა კვლავ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს მოვარგოთ. რამდენად გამართლებულია ის შიში, რომელსაც რუსეთთან წინააღმდეგობა აღძრავს და როგორ ვიპოვოთ არისტოტელესეული ბალანსი თავზეხელაღებულობასა და სიმხდალეს შორის?

“მამაცი ადამიანები განიცდიან შიშს, მაგრამ შიშს ისინი არ მიჰყავს იმგვარ მხდალ ქმედებამდე, როგორიც ფარის მოსროლა და გაქცევაა. ამის ნაცვლად, მათ შიში ისეთი გამბედავი ქმედებისკენ უბიძგებს, როგორიც ფარის ღვედის უკეთ მორგებაა, რათა უსაფრთხოება გაიუმჯობესონ და ისე იბრძოლონ,” - წერს ჰოვარდ კურსერი არისტოტელეს სიმამაცის განმარტებისას. 

რუსეთთან ბრძოლას შიში ბუნებრივად ახლავს. აქ მთავარი ის არის, თუ რისი და რა დოზით გვეშინია ამ პროცესში. მთავარია, შიშმა არ გვიბიძგოს, არჩევანი ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებასა და ბრძოლას შორის გავაკეთოთ. ბრძოლა ბუნებრივი არჩევანი უნდა იყოს, რადგან სიმხდალით ქვეყნის მტრისთვის გადაცემა არასოდეს არის გამართლებული. 

შიში, რომელიც დღეს გვჭირდება, მეტი სიფრთხილით წაგვიყვანს წინ. ამ დროს ფოკუსირებული ვიქნებით იმაზე, რომ არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს დააზიანებს. სწორედ ამ შიშმა უნდა მოგვცეს ის შემართება, რომლის ძალითაც დაუღალავად გავაგრძელებთ გზას.

კაცობრიობის მარადიული დილემა: არჩევანი სათნოებასა და მანკიერებას შორის, 1633 წელი, ფრანს ფრანკენ უმცროსი

როდესაც მიზანი ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებაა, მისი დაკარგვის შიში გაათმაგებული ყურადღებით ისევ ამ მიზნისკენ ერთგულად სვლისკენ გიბიძგებს. მაგალითად, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომელთა უკან მათი მშობლიური ქალაქები თუ სოფლებია, დღეს დარჩენასა და გაქცევას შორის არჩევანს არ აკეთებენ. მათ ბრძოლა გადაწყვეტილი აქვთ, ხოლო მთავარი საზრუნავი ამ მიზნის კარგად შესრულებაა. სწორედ ეს საზრუნავი აძლევს მათ ძალას, რომ თავდაცვის ხაზი გაამაგრონ. 

ამ დამოკიდებულების კარგი მაგალითია მარო მაყაშვილიც. ოჯახი ეცადა მის დარწმუნებას, რომ წითელი არმიის შესაჩერებლად თბილისის მისადგომებთან არ წასულიყო. ერთ-ერთი ვერსიით,  მარომ მეგობარს გაუცვალა ადგილი და ისე წავიდა მოწყალების დად. მისი დღიურიდან ნათელია, რომ მაროს სწორედ ის შიში ამოძრავებდა, რომელსაც არისტოტელე სიმამაცედ აფასებს. მას რუსეთთან დაპირისპირების არ ეშინოდა, რადგან სამშობლოს დაცვის არჩევანი ბუნებრივად ჰქონდა გაკეთებული. მაროს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ეშინოდა. 

ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება,” - წერდა მარო.

რა გვჭირდება სიმამაცით მოქმედებისთვის დღეს საქართველოში?

“მელამ იცის ბევრი რამ, ხოლო ზღარბმა იცის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ,” - ფილოსოფოსმა ისაია ბერლინმა მისი ცნობილი ესე სახელწოდებით ზღარბი და მელა ამ სიტყვებით დაიწყო. მან ტექსტში მოაზროვნეები ორ კატეგორიად დაყო: ისინი, ვისაც ერთი დიდი იდეა ამოძრავებთ და ისინი, ვინც ბევრ განსხვავებულ მიზანს ემსახურებიან, რომელსაც ერთი მორალური თუ იდეური საფუძველი არ აქვს. “მელიებს” მრავალმხრივი ცოდნა და ინტერესები, მოქნილება და მიზნებთან მიმართებით რეალიზმი ახასიათებთ, ხოლო “ზღარბებს” მეოცნებე იდეალიზმი და დიდი იდეის ერთგულება.


ფილოსოფოსი ისაია ბერლინი. წყარო: meer.com​​​

ჩვენი მიზნების მისაღწევად დღეს როგორც გამაერთიანებელი იდეა, ისე პრაქტიკული ცოდნა და მოქნილება გვჭირდება. დიდი მიზანი თავისუფლებისკენ სწრაფვაა. პრაქტიკული ცოდნა და გამჭრიახობა კი, დასავლეთის დახმარებით იმ შესაძლებლობის ფანჯრის გამოსაყენებლად გამოგვადგება, რითაც გადარჩენის და წარმატების მიღწევის შანსი გვეძლევა. 


“მელამ იცის ბევრი რამ, ხოლო ზღარბმა იცის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ” - ძველი ბერძენი პოეტი არქილოკუსი, ჩვ. წ. აღ–მდე 680 – 645

იმისთვის, რომ დიდ იდეას ხორცი შევასხათ, ორი რამ გვჭირდება: დემოკრატია და სამხედრო პოტენციალი

დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრება თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აჩენს. დემოკრატიის დაცვით დასავლურ ოჯახში ჩვენი მიღების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება. შევქმნით ქვეყანას, სადაც ხელისუფლება სამართლიანი საარჩევნო სისტემით იცვლება, სადაც ქრთამი არ წყვეტს ეკონომიკური გარიგებების ბედს და სადაც გადახდილი გადასახადები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე ეფექტიანად იხარჯება. დემოკრატია საქართველოს განვითარების გზაზე დარჩენის გარანტია. 

მცდარია მტკიცება, რომ რადგან რუსეთის არმიას ომს ვერ მოვუგებთ, საქართველოს სამხედრო პოტენციალში რესურსის ჩადებას აზრი არ აქვს. საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები იმ ფასის გასაზრდელად გვჭირდება, რაც რუსეთმა საქართველოს დამორჩილებაში უნდა გადაიხადოს. თუ სამხედრო ძალებს და შეიარაღებას გავაძლიერებთ, რუსეთისთვის აგრესიის ფასი ბევრად მაღალი იქნება.

ასიმეტრიული თავდაცვა, რომელიც მტრის წინააღმდეგ ქვეყნის ბუნებრივი უპირატესობების გამოყენებას გულისხმობს “მაჩვზღარბას სტრატეგიის” სახელით არის ცნობილი. მას ჩინეთის მიერ ტაივანზე შეტევის შესაკავებლად ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი უჭერს მხარსრაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, ძლიერი საჰაერო და საზღვაო თავდაცვა, ტერიტორიული და სამოქალაქო თავდაცვა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობა ამ სტრატეგიის ნაწილია.

მის მიხედვით, საჭიროა მოწინააღმდეგისთვის გამარჯვება ხანგრძლივ, ძვირიან და მტკივნეულ კამპანიად იქცეს. გარდა ძვირადღირებული სამხედრო ტექნოლოგიებისა, აუცილებელია დიდი რაოდენობით მცირე, მობილური, გამძლე და დაბალფასიანი შეიარაღების მომარაგება. ასეთია მობილური სარადარო სისტემები, ახლო მოქმედების მქონე ავტომატური დამიზნების სისტემით აღჭურვილი საბრძოლო მასალა, უპილოტო საფრენი აპარატები, ანტი-საჰაერო და ანტი-საზღვაო მობილური სისტემები. ეს იარაღი შეტევისგან უფრო ადვილი დასაცავია და მას მტრისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე გამოვლენილმა სამხედრო საჭიროებებმა მოცემულ სტრატეგიას კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შესძინა.


მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა HIMARS. წყარო: businessinsider

სწორი სამხედრო სტრატეგიის გატარებით საქართველო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს, რომ ის ადვილად არ გატყდება. რუსეთი ამ დროს არჩევანის წინაშე დგება: ან გამოიყენოს მთელი რესურსი ტოტალური წინააღმდეგობის პირობებში გამარჯვების მოსაპოვებლად,  ან თავი შეიკავოს შეტევისგან თუ ის ძვირი უჯდება. 

ამ სტრატეგიის დანერგვა და განხორციელება არა ომის საწარმოებლად, არამედ მის შესაკავებლად გვჭირდება. სწორი შეიარაღებით და მომზადებით რუსეთის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის განადგურება შეგვეძლება, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი იქნება. დღეს შანსი გვაქვს, დასავლეთთან მუშაობით ეს სამხედრო დახმარება დროულად მივიღოთ.

უკრაინის მაგალითზეც ნათლად ჩანს, რა ძალა აქვს ბრძოლის ნების მქონე ერს, რომელსაც  დასავლური შეიარაღება უმაგრებს ზურგს. უკრაინაში შეჭრისას რუსეთის უდიდესი მისკალკულაცია ქვეყნის მოსახლეობის ბრძოლის ნება იყო. უკრაინის მსგავსად, კრემლს უნდა დავანახოთ, რომ მტკიცე ნება, წინააღმდეგობის გაწევის უნარი და დასავლეთის მხარდაჭერა გვაქვს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავრჩეთ განვითარების გზაზე და დავიცვათ თავი რუსული აგრესიისგან.   

რა თქმა უნდა, რუსეთი ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ეცდება, მაგრამ მისმა წინააღმდეგობამ თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ხელი არ უნდა აგვაღებინოს. გადარჩენის შანსი ქვეყნის გაძლიერებასა და დასავლეთში ინტეგრაციაზე გადის. 

დღეს არჩეული რუსეთის მაამებლური პოლიტიკა კი უაღრესად ვნებს ქვეყნის ინტერესებს, რადგან თავისუფლების დაკარგვის რისკს მხოლოდ ვზრდით. დასავლეთში იმ მეგობრებს ვკარგავთ, რომელთაც გასაჭირში ჩვენი დახმარების რესურსი აქვთ და მარტო ვრჩებით სახელმწიფოსთან, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა სურს. 

მიუხედავად დაყვავების პოლიტიკისა, რუსეთს მტრულ მიზნებზე ხელი არ აუღია. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დე-ფაქტო ანექსირებულია და დღეს რუსეთი უკვე ცხინვალის რეგიონის ფორმალური მიერთებით გვემუქრება.


რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები საოკუპაციო ხაზთან. წყარო: რადიო თავისუფლება

რუსული პროპაგანდა ცდილობს დაგვაჯეროს, რომ რუსეთთან პრინციპული პოლიტიკა ავტომატურად ომს უდრის. ეს ასე არ არის. მოლდოვას მაგალითზეც ცხადია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა ომის გარეშეც შესაძლებელია. მოლდოვა დასავლურ პოლიტიკას არ უხვევს და რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ აგრესიაზეც ცალსახა პოზიცია აქვს. მოლდოვაში ესმით, რომ რუსეთთან დაპირისპირება მარტივი არ არის, მაგრამ აცნობიერებენ, რომ ალტერნატივა ბევრად უფრო სახიფათოა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც ცხადია, როგორ გამოიყურება ის მშვიდობა, რომელსაც რუსეთი მორჩილებაში ყოფნის სანაცვლოდ სთავაზობს მეზობლებს. მოლდოვა ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების გზაზე არისტოტელეს ოქროს შუალედის პრინციპით მიიწევს წინ. 

პრაქტიკული სიბრძნე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში 200 წლის მანძილზე დავაგროვეთ, ცხადად მიანიშნებს, რომ უმოქმედობა იმ იმედით, რომ ქარიშხალი გადაივლის, ცრუ მოლოდინია და მხოლოდ სიმხდალის გამოხატულებაა. სიმამაცე დღეს აქტიურ ქმედებებზე გადის. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დემოკრატიის მშენებლობა ის გამბედავი ნაბიჯებია, რომლებიც რუსეთთან დასაპირისპირებლად გვჭირდება. 

ბოლოთქმის მაგიერ

ბრიტანეთის ყოფილი მთავარი რაბინი სერ ჯონათან საქსი მისი მოღვაწეობის მანძილზე ოპტიმიზმსა და იმედს განასხვავებდა. “ოპტიმიზმი რწმენაა, რომ ყველაფერი უკეთ იქნება. იმედი კი რწმენაა, რომ ჩვენ თავად შეგვიძლია ყველაფრის გაუმჯობესება. [...] ოპტიმისტობა სიმამაცეს არ მოითხოვს. მისთვის, გარკვეული დოზით, გულუბრყვილობაც საკმარისია. იმედის შენარჩუნებას კი, გამბედაობა სჭირდება,” - ამბობდა საქსი 

მას მიწათმოქმედის მაგალითი მოჰყავდა რომელმაც ჯერ მიწა დაამუშავა, მოსავალი დათესა და მხოლოდ მაქსიმუმის გაღების შემდეგ ახედა ცას წვიმის მოლოდინში. “იმედი და არა ოპტიმიზმი გვაძლიერებს საიმისოდ, რომ გავრისკოთ, ვალდებულებები ავიღოთ, სიყვარული გავცეთ, ახალი სიცოცხლე მოვავლინოთ სამყაროში, ნუგეში ვცეთ დავრდომილებს, წაქცეული ფეხზე წამოვაყენოთ, დიდ საქმეებს მოვკიდოთ ხელი და ჩვენი იდეალების ერთგული ვიყოთ,” - წერდა ის

საქართველოში ომი არავის უნდა. ნგრევა, დევნილობა და ომს შეწირული მოსახლეობა ის მძიმე ტრაგედიაა, რომელიც ქვეყანამ 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე რუსეთის აგრესიის შედეგად თავის თავზე გამოცადა. სწორედ ამ ბოროტებისგან თავის დასაღწევად უნდა ვიყოთ გამბედავები და ვიბრძოლოთ სამართლიან წესრიგზე დაფუძნებული მშვიდობისთვის. ეს არც “ცარიელი მშვიდობაა” და არც თავისუფლების ჩახშობის შემდეგ დამდგარი სტაბილურობა. ჩვენ გვინდა, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნეს”. ამიტომ უნდა გვეშინოდეს უმოქმედობის.

“იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.” - მარო მაყაშვილი.

კომენტარები