რუსული აგრესია

ბლინკენი და ბორელი მზად არიან, შემდგომშიც უპასუხონ რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. 

"უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოთქვეს მზაობა, რომ შემდგომშიც კოორდინირებულად უპასუხონ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის, დეზინფორმაციას; საარჩევნო პროცესებში ჩარევას; მავნე კიბერაქტივობებს; და სამხედრო პოზიციონირებას," – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან ერთად, მათ გადაწყვიტეს, რომ "გააგრძელონ ახლო თანამშრომლობა, რათა წაახალისონ ყოვლისმომცველი რეფორმები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". 

22-25 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელს ეწვია, სადაც ის NATO-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებს, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდა. 

ეს სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენის პირველი ვიზიტია ევროპაში.

კომენტარები