ბლერი: უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთის დასუსტების ფონზე, ჩინეთი აღზევდება

REUTERS/Henry Nicholls

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ტონი ბლერის თქმით, უკრაინის ომი გვიჩვენებს, რომ დასავლეთის დომინირება დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი, რუსეთთან პარტნიორობით ჩინეთი ძლიერდება.

ბლერის თქმით, მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტში იმყოფება, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ან საბჭოთა კავშირის დაშლას შეგვიძლია შევადაროთ. თუმცა, ბლერის შეფასებით, ამჯერად დასავლეთი აშკარად არ არის კარგ პოზიციაში.

"ვუახლოვდებით დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების დასასრულს. უკრაინის შემდეგ რა გაკვეთილი მიიღეს დასავლელმა ლიდერებმა? [...] მსოფლიო იქნება სულ მცირე ბიპოლარული და შესაძლებელია, მრავალპოლარულიც. ამ საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილება ჩინეთს დაუკავშირდება და არა რუსეთს". - თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლეთმა სანქციებით ეკონომიკური ომი გამოუცხადა რუსეთს. ეკონომიკური იზოლაციის მცდელობის ფონზე, კრემლი აპირებს, მიმართოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. 

ბლერის შეფასებით, უკრაინის ომით ნათელი გახდა, რომ დასავლეთი არ უნდა ენდოს ჩინეთს. 

გასულ კვირას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ იმი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მხარეებმა მჭიდრო კავშირი და სტრატეგიული განსაზღვრულობა დაადასტურეს. 

პეკინს ამ დრომდე არ უწოდებია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთვის "შეჭრა". მას შემდეგ, რაც პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჩინეთმა განმარტა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში არ არსებობს "ლიმიტები" და "აკრძალული სფეროები", თუმცა უკრაინასთან ომი არ უხსენებია.

ჩინეთმა გასული თვის ბოლოს BRICS-ის მე-14 სამიტს უმასპინძლა, რომელსაც ხუთი წევრი სახელმწიფო - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა ესწრებოდნენ. ამასთანავე, 15 ივნისს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ომის მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის კავშირის გაძლიერებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიც. "ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. ჩინეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

მანამდე, ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი კოალიცია, რომელიც რუსეთს უწევს წინააღმდეგობას, წარმოადგენს კარგ მოდელს სამომავლოდ ჩინეთის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

კომენტარები