რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პეკინი და მოსკოვი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Russian Foreign Ministry Press Service Handout | Anadolu Agency | Getty Images

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ იმის თქმით, ჩინეთი და რუსეთი მჭიდრო კავშირსა და სტრატეგიულ განსაზღვრულობას ინარჩუნებენ.

ვანგ იმი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გუშინ, 7 ივლისს შეხვდა. ვანგ იმმა, სამინისტროს გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნა, რომ პეკინი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "ობიექტურ და სამართლიან" პოზიციას ინარჩუნებს და მხარს უჭერს "კრიზისის მშვიდობიანად" მოგვარებას.

პეკინს ამ დრომდე არ უწოდებია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთვის "შეჭრა". მას შედმეგ რაც პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჩინეთმა განმარტა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში არ არსებობს "ლიმიტები" და "აკრძალული სფეროები", თუმცა უკრაინასთან ომი არ უხსენებია.

ჩინეთმა გასული თვის ბოლოს BRICS-ის მე-14 სამიტს უმასპინძლა, რომელსაც ხუთი წევრი სახელმწიფო - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა ესწრებოდნენ. ამასთანავე, 15 ივნისს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ომის მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის კავშირის გაძლიერებას გამოეხმაუარა ამერიკის შეერთებული შტატებიც. "ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. ჩინეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

კომენტარები