რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთთან კავშირი ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნას ნიშნავს – შეერთებული შტატები ჩინეთზე

სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი
Twitter

შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთ-ჩინეთის ალიანსთან დაკავშირებით. მათივე თქმით, რუსეთთან კავშირი "ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნას ნიშნავს".

"ჩინეთი აცხადებს, რომ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. ჩინეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

[...] ჩინეთი კვლავ რუსეთის გვერდით დგას. ის კვლავ იცავს რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ის რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში კვლავ უარყოფს.

ერები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მხარეს არიან, ისტორიის არასწორ მხარეს აუცილებლად აღმოჩნდებიან". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზეინდეტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები